Thursday, April 23, 2020

არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე)


როგორ შეიძლება ათასმა წელმა
განვლოს, როგორც ერთმა დღემ

ერთი ბერი დიდხანს ცხოვრობდა მონასტერში და სულ ეკითხებოდა საკუთარ თავს: „როგორ შეიძლება ათასმა წელმა განვლოს როგორც ერთმა დღემ?“ მაგრამ სამოთხეში ისეთი სიმშვიდეა და ნეტარება იმდენად დიდია, რომ ათასი წელი ერთ დღედ გეჩვენება.
ეს ბერი ტაძარში მნათე იყო და წარმატებული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა.რამდენიმე წელი შესთხოვდა  ღვთისმშობელს: „ ღვთისმშობელო ილოცე ქრისტე მაცხოვრის წინაშე, რომ გამაგებინოს _როგორ გადის ათასი წელი,ვითარცა ერთი დღე? რამეტუ ვიცი მე, რომ სულიწმინდის ეს სიტყვები ჭეშმარიტია.“ სამი წლის ლოცვის სემდეგ ღმერთმა განუცხადა.
ერთხელ მნათე შუაღამიანის დასრულების შემდეგ მარტო დარჩა ტაძარში და ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვას შეუდგა. ტაძრის გასაღები ხელში ეჭირა, ხოლო სკუფია იქვე დადო კლიროსზე.
უეცრად ტაძარში ფრინველი შემოფრინდა და პირდაპირ კანკელზე დაჯდა. ასეთი სილამაზის ფრინველი ბერს თავის სიცოცხლეში არ ენახა. ბუმბულები ცისარტყელის ფერებით უელავდა, თავს ქოჩორი უმშვენებდა, აქეთ იქით იყურებოდა და ტაძარს ათვალიერებდა. მისი თითოეული ბუმბული ძვირფასი ქვის მსგავსი იყო.
ბერმა დაინახა რა ფრინველი გაიფიქრა: „მოდი დავიჭერ. ერთი ბუმბული რომ მაინც ამაღებინა“.
ბერი მივარდა ფრინველს, მაგრამ ის აფრინდა და ტაძრის შუაში დაეშვა, თან თავს აჩვენებდა თითქოს ფრენა უჭირდა. ბერი მისკენ გაქანდა. გაიწვინა მისკენ ხელი რომ დაეჭირა, ის კი სტოაში გამოფრინდა. და ისევ ხელის გაწვდენისთანავე მაღლა აფრინდა და ტაზრიდან მონასტრის ეზოში გადაინაცვლა, შემდეგ კი ყორეზე შემოჯდა. როცა ბერი ყორეს მივარდა ის ტყისკენ გაფრინდა. ბერი გადაევლო ყორეს, გულში კი იმეორებდა: „ღმერთო დამეხმარე მის დაჭერაში“. და კიდევ ერთხელ რომ სცადა, ფრინველი დიდი მდელოსაკენ გაფრინდა. „უფალო ნუ მიმატოვებ. იქნებ ერთი ბუმბული მაინც ჩამაგდებინა“! როდესაც მდოლოს შუაგულისკენ გაქნდა ბერი, ფრინველი ნაძვზე აფრინდა. მაშინ ატირდა ბერი: „უფალო არ ვიყავი ღირსი  ერთი ბუმბულისაც კი“. უყურებდა ფრინველს და ამბობდა: „უფალო, უფალო როგორი ლამაზი ფრინველია, არასოდეს მინახავს მისი მსგავსი“!
ამ დროს ფრინველი ამღერდა. ასეთი გალობა ბერს არასოდეს მოესმინა. ის ხომ ანგელოზი იყო, ფრინველად მოვლენილი. მაგრამ ბერმა ეს არ იცოდა; იდგა ასე მდელოზე უყურებდა ფრინველს. ის კი გალობდა მისთვის მთელი სამას ორმოცდა თხუთმეტი წელი.
ბერს ეცვენებოდა რომ ოდენ ერთმა საათმა განვლო და ამ დროის მანძილძე ის არ დაბერებულა, არ დაღლილა, არ უგვრძნია სიმსილი და წყურვილი და მას არც არავინ გადაყრია.
შემდეგ ფრინველი გაფრინდა, ბერმა კი ხელში ტაძრის გასაღები რომ იგრძნო, გაახსენდა: „ვაი ჩემს თავს, სკუფიაც ტაძარში დამრჩა და ტაძარიც ღია დავტოვე, წავიდე ჩავრაზო“. მივიდა მონასტერსი ტაძრის გასაღებიტ ხელში, მაგრამთავისი მონასტერი ვერ იცნო. ტაძარი სხვანაირად გამოიყურებოდა, კელიებიც სხვა იყო.
„ან მე გავგიჟდი, ანდა ეს ჩვენი მონასტერი არაა“ , ფიქრობდა ბერი. იცოდა რა, რომ მხოლოდ ერთ საათზე ცოტა მეტის წასული იყო, ბერი გასაღებით ხელში მეკარესთან წავიდა. მეკარემ თეთრწვეროსანი, სახეგაბრწყინებული ბერი რომ დაინახა უთხრა:
_ მაკურთხე მამაო! საიდან მოდიხარ?
_ შვილო მე ტაძრის კარის დასაკეტად მოვდივარ.
_ საიდან ხარ?
_ აქედან. მონასტრიდან.
_ და სად იყავი?
_ აი აქვე, შორიახლოს ვიყავი.
_ მაგრამ მამაო, შენ ჩვენთაგანი არ ხარ.
_ შენ რა ვერ მცნობ შვილო, მე ესა და ეს ბერი ვარ, მნათე ვარ და ტაძრის ჩასარაზად მივდივარ.
_ დამელოდე მამაო, წავალ წინამძღვარს მოვახსენებ.
ხოლო წინამძღვარს იმ ღამით გამოცხადება ჰქონდა. სამჯერ ჩაესმა ხმა: „გააღეთ მონასტრის ჭიშკარი, რათა უფლის მტრედი შემოვიდეს“!
_ მამაო აქ ერთი სახეგაბრწყინებული ბერია, ამბობს რომ მნათეა და ტაძრის ჩასარაზად მოვიდა.
_ გაუღე შვილო ჩემო, რამეთუ აქ დიდი საიდუმლოა დაფარული! მოიყვანე ჩემთან.
როცა მივიდნენ , წინამძღვარმა ჰკითხა მას:
_ მამაო მიცნობ მე?
_ არა.
_ მონასტერს თუ ცნობ?
_ უკვე ვეღარ ვცნობ. ტაძარს ვცნობ, მაგრამ ის ისეთი აღარაა როგორიც იყო. სხვანაირი სახურავი ჰქონდა.
_ სად იყავი წასული მამაო?
_ აქვე ვიყავი ახლოს, ტყეში.
წინამძღვარმა ბრძანა მონასტრის ზარები დაერეკათ და ტაძარში მთელი საძმო შეკრიბა, სამასი ბერი. შემდეგ დააყენა ბერი ტაძრის შუაგულში, კანკელის წინ, ისე რომ ყველას დაენახა და ჰკითხა:
_ მამაო, ამ ბერებიდან ვინმეს თუ იცნობ?
_დიდება უფალს! ვერავის ვერ ვცნობ! _ უპასუხა მან.
_ ხოლო თქვენ იცანით ეს ბერი? _ ჰკითხა წინამძღვარმა საძმოს.
_ ვერ ვცნობთ. _ უპასუხეს მათ.
_ მამაო თუკი ერთი საათის წინ წახვედი, ვინ იყო იმ დროს წინამძღვარი?
_ აბბა ილარიონი.
_ ეკლესიარხი?
_ აბბა ამბროსი.
_ ეკონომოსი ვინ იყო?
_ აბბა კირიაკი.
_ სალარო ვის ებარა?
_ აბბა გერონტის.
მაშინ წინამძღვარმა თქვა:
_ დიადი საიდუმლო გამჟღავნდა ჩვენ შორის! უხმეთ აქ მონასტრის არქივარიუსს! _  და უტხრა მას: _ მოიტანე ბოლო რამოდენიმე საუკუნის არქივები. როდის იყო მონაზონთა ასეთი კრებული.
ეძება მან ორმოცდაათი წლის წინანდელ ჩანაწერებში, ასი, ორასი, სამასი წლის ჩანაწებშიც ეძება, მაგრამ ვერ აღმოაჩინა.განაგრძო ძებნა და მონასტრის სხვენში ძველი, ჭიებისგან შეჩმული ფურცლები იპოვა, რომელთა ასაკი სამას ორმოცდათხუტმეტი წელი იყო. ჩაიკითხა: ეს და ეს, ეს და ეს... და იპოვნა.
_ მამაო, მონასტრიდან როდის გახვედი?
_ საათზე მეტი იქნება გასული.
_ რას შესთხოვდი უფალს გასვლის წინ?
_ მე დიდი ხანია ვლოცულობ და ღვთისმსობელს შევთხოვ, რათა უფალმა განმიცხადოს, რასაც ის ამბობს ფსალმუნში: „რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“!
_ აი, მამაო, ყოვლადწმინდა და ყოვლადმოწყალე ღმერთმა შეისმინა შენი ვედრება. შენ არ გინდოდა ამის დაჯერება, იქნებ გჯეროდა კიდეც, მაგრამ გსურდა დარწმუნებულიყავი. მაშ ასე, რაც შენ წახვედი უკვე სამას ორმოცდათხუთმეტი წელი გავიდა!
ბერი ატირდა, ხოლო წინამძღვარმა უთხრა:
_ ხომ ხედავ, მამაო, უფალმა სასწაული გიჩვენა, რადგან შენ რწმენით ლოცულობდი. თუ სამას ორმოცდათხუთმეტი წელი შენ ერთ საათად მოგეჩვენა, ხომ გწამს ახლა, რომ უფლისთვის ათასი წელი ერთ დღესავითაა?
_ მწამს, მამაო.
მაშინ წინამძღვარმა უბრძანა მღვდელს, შემოსილიყო. მან გამოაბრძანა წმინდა საიდუმლო და აზიარა ბერი ყველას წინაშე. ბერმა მიიღო წმინდა ზიარება და თქვა:
_ მამებო, შემინდეთ, რამეთუ უდიდესი გაოცება მოგგვარეთ. მისი სახე მზესავით ბრწყინავდა. შემდგომ ყველას შენდობა სთხოვა და იქვე, ტაძარში აღესრულა. და წავიდა სამოთხეში, იმ წალკოტში, რომლის აღწერა არავის შეუძლია, რამეთუ წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“.
ღმერთმა ჩვენც გვახილვინოს ასეთი სილამაზე უფლის ყოვლადწმინდა დედის და მისი ყველა წმინდანის ლოცვით.
ამინ!

Friday, January 11, 2013

ვლადიმერ სოლოვიოვი_მოკლე მონათხრობი ანტიქრისტეს შესახებ


http://vehi.net/soloviev/trirazgov/povest.html





მოკლე მონათხრობი ანტიქრისტეს შესახებ
Панмонголизм! Хоть слово дико,
Но мне ласкает слух оно,
Как бы предвестием великой
Судьбины божией полно.





ქალბატონი: საიდანაა ეს ეპიგრაფი?
ბატონი Z: ვფიქრობ თვითონ მონათხრობის ავტორს ეკუთვნის.
ქალბატონი: მაშ, წაიკითხეთ!
ბატონი Z: (ვკითხულობთ):
            ქრისტეშობიდან  XX საუკუნე იყო უკანასკნელი დიადი ომების, შინა ომებისა და გადატრიალებების ეპოქა. ყველაზე დიდ გარეშე ომს საფუძვლად დაედო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იაპონიაში ჩამოყალიბებული პან მონღოლიზმის იდეა. მიმბაძველმა იაპონელებმა, რომლებმაც გასაოცარი სისწრაფითა და წარმატებით გადმოიღეს რა ევროპული კულტურის ნივთიერი ფორმები, მიითვისეს ასევე უმდაბლესი რიგის იდეებიც. გაზეთებიდან და ისტორიის სახელმძღვანელოებიდან გაიგეს რა დასავლეთში პანელინიზმის, პანგერმანიზმის, პანსლავიზმისა და პანისლამიზმის არსებობა, _ გამოაცხადეს პანმონგოლიზმის დიადი იდეა, ანუ თავის გარშემო აღმოსავლეთ აზიის ყველა ქვეყნის შემოკრება უცხოელთა, ანუ ევროპის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ისარგებლეს რა იმით, რომ XX საუკუნის დასაწყისში ევროპა დაკავებული იყო მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ გადამწყვეტი ომით, მათ დაიწყეს დიადი გეგმის განხორციელება, ჯერ კორეის, შემდეგ კი პეკინის დაკავებით , სადაც პროგრესული ჩინური პარტიის დახმარებით დაამხეს ძველი მანჯურიული დინასტიის მმართველობა და იგი იაპონურით ჩაანაცვლეს. ამას მალე შეურიგდნენ ჩინელი კონსერვატორებიც. ისინი მიხვდნენ, რომ ორი უბედურებიდან სჯობს ნაკლების ამორჩევა და რომ „მოყვასი მოყვასისათვის თავისთავად ძმაა“. ძველი ჩინეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკვე აღარ იყო მყარი და გარდაუვალი იყო დამორჩილებოდა ევროპას, ან იაპონიას. ნათელი იყო, რომ იაპონური ბატონობა აუქმებდა რა ჩინური სახელმწიფოებრიობის გარეგან ფორმებს და უვარგისიც გამოდგა, არ ეხებოდა შიდა, ეროვნულ ცხოვრების საწყისებს, მაშინ, როცა ევროპულ სახელმწიფოთა სიჭარბე, პოლიტიკის  გამო, ხელს უწყობდა რა ქრისტიან მისიონერებს, ჩინეთის სულიერ საწყისებს ხიფათს უქადდა. ჩინელების უწინდელი ეროვნული სიძულვილი იაპონელებისადმი მაშინ აღმოცენდა, როცა არცერთი მათგანი არ იცნობდა ევროპელებს, რომელთა  წინაშეც, ამ ორ მოძმე ერს შორის შინა ომში გადაზრდილი შუღლი აზრს კარგავდა. ევროპელები იყვნენ სავსებით უცხონი, მხოლოდ მტრები და მათი სიჭარბე ვერანაირად ვერ აამებდა მათ ეროვნულ (ტომურ) თავმოყვარეობას. მაშინ, როცა იაპონელთა ხელში ჩინელები ხედავდნენ პანმონღოლიზმის ტკბილ სატყუარას, რომელიც, ამასთანავე, მათ თვალში ამართლებდა გარეგანი ევროპეიზაციის სამწუხარო გარდაუვალობას. „შეიგნეთ, ძმებო, _ ამტკიცებდნენ იაპონელები, _ რომ ჩვენ დასავლელ ქოფაკებს იარაღს ვართმევთ არა მათდამი სიყვარულის გამო, არამედ მათსავე წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თუ თქვენ შემოგვიერთდებით და მიიღებთ ჩვენს პრაქტიკულ ხელმძღვანელობას, ჩვენ არა მარტო განვდევნით თეთრ ეშმაკებს ჩვენი აზიიდან, არამედ მათქვეყნებსაც დავიპყრობთ და დავამყარებთ ნამდვილ ბატონობას მთელ სამყაროზე. თქვენ მართლები ხართ თქვენს ეროვნულ სიამაყეში და ევროპელებისადმი სიძულვილში, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ გაგასწარით და უნდა გაჩვენოთ გზა საერთო სარგებლისა. ეს გრძნობები უნდა ასაზრდოო გონივრული ქმედებებით და არა ცარიელი ოცნებებით. თუ არა და თავად ნახეთ, რა მოგცათ თქვენმა თავდაჯერებულმა პოლიტიკამ და ჩვენდამი უნდობლობამ თქვენ და თქვენს მეგობრებსა და დამცველებს: რუსეთმა და ინგლისმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ლამის სრულად დაგინაწილეს და ყველა თქვენმა „ვეფხვურმა ჩანაფიქრმა“ ოდენ უსუსური გველის ბოლო გამოაჩინა. გონიერი ჩინელები ამაში უსაფუძვლოს ვერაფერს ხედავდნენ და იაპონური დინასტია მყარად დამკვიდრდა. მათი პირველი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ძლიერი ფლოტის შექმნა იყო. იაპონიის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი გადაყვანილ იქნა ჩინეთში, სადაც ახალი დიდი არმიის კადრები შეადგინა. ჩინურად მოლაპარაკე იაპონელი ოფიცრები უფრო წარმატებით მოქმედებდნენ, როგორც ინსტრუქტორები, ვიდრე _ საქმეს ჩამოშორებული ევროპელები, ხოლო ჩინეთის მანჯურიის, მონღოლეთის და ტიბეტის ურიცხვ მოსახლეობას საკმაო რაოდენობის საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა. უკვე პირველმა ბოგდიხანმა იაპონური დინასტიიდან, წარმატებით შეძლო განახლებული იმპერიის იარაღის გამოცდა, როცა ტონკინიდან და სიამიდან ფრანგები გამოდევნა, ხოლო ბირმიდან, _ ინგლისელები. მან მთელი ინდო-ჩინეთი იმპერიას მიუერთა . მისმა მემკვიდრემ, დედით ჩინელმა, რომელშიც ჩინური ეშმაკობა და სიხისტე შერწყმული იყო იაპონურ ენერგიასთან და ფხიანობასთან, მოახდინა ოთხ მილიონიანი არმიის მობილიზება  ჩინეთის თურქმენეთში და იმ დროს, როდესაც ცუნ ლიამინი კონფიდენციალურად ატყობინებს რუსეთის ელჩს, რომ ეს არმია განკუთვნილია ინდოეთის დასამხობად, ბოგდიხანი იჭრება ჩვენს შუა აზიაში, სწრაფად მოძრაობს ურალის გავლით და მთელ აღმოსავლეთ და ცენტრალურ რუსეთს ავსებს თავისი ლეგიონებით. ამ დროისთვის ნაჩქარევად მობილიზებული რუსული არმიის ნაწილები პოლონეთიდან, ლიტვიდან, კიევიდან, ვოლინიდან, პეტერბურგიდან და ფინეთიდან მოიჩქარიან.  წინასწარი საბრძოლო გეგმის უქონლობის და მტრის რიცხობრივი უპირატესობის გამო რუს ჯარისკაცებს ისღა დარჩენიათ, ღირსეულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. მტრის სწრაფი შემოჭრა არ ტოვებს დროს სათანადო კონცენტრაციისთვის და კორპუსები ერთი-მეორის მიყოლებით გააფთრებულ და უიმედო შეტაკებებში ნადგურდებიან. მონღოლებსაც არ უჯდებათ ეს იაფად, მაგრამ ისინი დანაკარგს იოლად ივსებენ, დაიკავეს რა მთელი აზიის რკინიგზა. ამ დროისათვის მანჯურიის საზღვართან მოგროვილი 200 000-იანი რუსული არმია წარუმატებელ ცდას აკეთებს კარგად დაცულ ჩინეთში შესაჭრელად. არმიის შექმნის ხელშესაშლელად და მომრავლებული პარტიზანული ჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად, ბოგდიხანი რუსეთში ტოვებს თავისი ძალების ნაწილს, თვითონ კი, სამი არმიით  გადადის გერმანიის საზღვრებს. აქ მოასწრეს მომზადება და ერთ-ერთი მონღოლური არმია განადგურებულია. მაგრამ ამ დროს საფრანგეთში აღზევდება დაგვიანებული რევანშის პარტია და გერმანელების ზურგში მილიონი მტრის ხიშტი აღმოჩნდება. მოექცნენ რა გრდემლსა და უროს შორის, გერმანული არმია იძულებულია ღირსეულად მიიღოს ბოგდიხანის შემოთავაზება განიარაღებაზე. მოზეიმე ფრანგები იფანტებიან მთელს გერმანიში და მალევე კარგავენ წარმოდგენას სამხედრო დისციპლინაზე. ბოგდიხანი უბრძანებს თავის ჯარებს, გაჟუჟონ მოკავშირეები, რომლებიც ზედმეტნი აღმოჩნდნენ, რაც შესრულებულ იქნა ჩინური აკურატულობით.
            პარიზში ხდება Sans patrie [3] მუშათა აჯანყება და დასავლური კულტურის დედაქალაქი სიხარულით უღებს კარს აღმოსავლეთის მეუფეს. დაიკმაყოფილა რა თავისი ცნობისმოყვარეობა, ბოგდიხანი მიემგზავრება ზღვისპირა ბოლონში, სადაც წყნარი ოკეანიდან შემოსულ ფლოტს ამზადებს არმიის დიდ ბრიტანეთში გადასასხმელად. მაგრამ მას ფული სჭირდება. ინგლისელები მილიარდ ფუნტს იხდიან გამოსასყიდის სახით. ერთი წლის შემდეგ ყველა ევროპული სახელმწიფო აღიარებს თავის ვასალურ დამოკიდებულებას ბოგდიხანისადმი. მას შემდეგ რაც ევროპაში საკმარის საოკუპაციო ჯარს ტოვებს, ის ბრუნდება აღმოსავლეთში და ზღვით ილაშქრებს ამერიკასა და ავსტრალიაზე. ნახევარი საუკუნის მანძილზე ევროპა მონღოლურ უღელქვეშაა.
ეს ეპოქა მოასწავებდა ევროპული და აღმოსავლური ედეების საყოველთაო შერევას და სიღრმისეულ ურთიერთ შერწყმას, ძველი ალექსანდრიული სინკრეტიზმის განმეორებას. ხოლო ჩვეულებრივი ცხოვრების პრაქტიკულ მხარეში დამახასიათებლი ხდება სამი გამოვლინება: ჩინელი და იაპონელი მუშების მოზღვავება ევროპაში და, ამის შედეგად, სოც-ეკონომიკური საკითხის გამწვავება, პოლიტიკური მმართველი კლასის მიერ ამ საკითხის გადაჭრა და საიდუმლო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება, მონღოლური უღელის გადაგდების და ევროპის განთავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით. ეს კოლოსალური შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ეროვნული მთავრობები, რამდენადაც კი შეიძლებოდა მონღოლ ჯარისკაცთა კონტროლქვეშ, ოსტატურად იქნა მომზადებული და ბრწყინვალედ განხორციელდა. დათქმულ დროს იწყება მონღოლ ჯარისკაცთა ჟლეტა, აზიელი მუშების დარბევა და გაძევება. ყველგან იხსნება ევროპული არმიის საიდუმლო კადრები და კარგად მომზადებული გეგმის მიხედვით ხდება საყოველთაო მობილიზაცია. ახალი ბოგდიხანი, დიდი დამპყრობლის შვილიშვილი ჩინეთიდან რუსეთში იჩქარის, მაგრამ აქ მისი ურიცხვი არმია გაერთიანებული ევროპული არმიის მიერაა განადგურებული. მისი დაქსაქსული არმიის ნაწილები აზიის სიღრმეში ბრუნდება და ევროპა თავისუფლდება. თუკი ევროპის ნახევარ საუკუნოვანი დამორჩილება ევროპული ქვეყნების დაქსაქსულობით იყო გამოწვეული, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრობდნენ, დიდი გათავისუფლება მიღწეულ იქნა მთელი ევროპის საერთაშორისო ძალისხმევით. ამ თვალნათელი ფაქტის დასტურად ცხადი გახდა, რომ ძველი ტრადიციული სახელმწიფო წყობა კარგავდა თავის მნიშვნელობას, რის შედეგადაც გაქრობა იწყო უკანასკნელმა მონარქიულმა წყობილებებმა.
            ევროპა XXI საუკუნეში წარმოადგენს, ასე თუ ისე, დემოკრატიულ სახელმწიფოთა კავშირს _ ევროპის შეერთებულ შტატებს. მონღოლური ბატონობის შედეგად შეჩერებული გარე კულტურული წარმატებები ისევ დაჩქარებული ტემპით მიდის; ხოლო შიდა ცნობიერების საგნები _ საკითხები სიცოცხლისა და სიკვდილის, ადამიანის და სამყაროს უკანასკნელ ბედზე _ მრავალგზის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური აღმოჩენებისა და კვლევის შედეგად გართულებული და ჩახლართული, ისევ პასუხგაუცემელი რჩება. ირკვევა მხოლოდ ერთი უარყოფითი რეზულტატი: თეორიული მატერიალიზმის მტკიცე ვარდნა, წარმოდგენა სამყაროზე, როგორც მოცეკვავე ატომთა სისტემაზე და სიცოცხლეზე, როგორც ნივთიერების უმცირეს ცვლილებათა მექანიკური დაგროვების შედეგზე _ ასეთი წარმოდგენა არ აკმაყოფილებდა არცერთ საღად მოაზროვნეს. კაცობრიობამ საბოლოოდ გადალახა ფილოსოფიური სიყრმის საფეხური და, ამასთანავე, დაკარგა ნიჭი მიმნდობი და უანგარო მიდგომისა რწმენისადმი. ისეთ ცნებებს, როგორიცაა ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა არაფრისაგან და ა.შ. სკოლებშიც კი აღარ ასწავლიან. ასეთ საგნებზე შემუშავებულია საერთო, გაზრდილი წარმოდგენის დონე, რომლის ქვემოთ არ უნდა ეშვებოდეს არცერთი დოგმატიზმი და თუ მოაზროვნე ადამიანთა უდიდესი ნაწილი რჩება საერთოდაც ურწმუნო, _ ადამიანთა მცირე მორწმუნე ნაწილი საჭიროებისამებრ მოაზროვნენიც ხდებიან, აღასრულებენ რა მოციქულთა სწავლებას: „იყავით ყრმანი გულით და არა გონებით“.
            იყო იმ დროში მცირერიცხოვან მორწმუნე-სპირიტუალისტთა შორის ერთი შესანიშნავი ადამიანი _ ბევრი მას ზეკაცსაც კი ეძახდა, რომელიც ერთნაირად შორს იდგა როგორც გონებრივი, ასევე, _ გულისმიერი უმწიფრობისაგან. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავისი გენიალურობის წყალობით, 33 წლის ასაკში, ფართოდ გაითქვა სახელი, როგორც დიდმა მოაზროვნემ, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ. შეიცნობდა რა თავისი სულის დიად ძალას, ის ყოველთვის იყო თავდაჯერებული სპირიტუალისტი და ნათელი გონება ყოველთვის უჩვენებდა მას ჭეშმარიტებას იმისა, თუ რა უნდა იწამო: სიკეთე, ღმერთი, მესია. ეს მას სწამდა, მაგრამ უყვარდა მხოლოდ თავი თვისი, სულის სიღრმეში ის, უნებლიედ, შეუცნობლად მაინც საკუთარ თავს ამჯობინებდა. მას სწამდა სიკეთის, მაგრამ მარადისობის ყოვლის მჭვრეტლმა თვალმა იცოდა, რომ ეს ადამიანი ბოროტი ძალის წინაშე მოიხრიდა ქედს, როგორც კი ის მოისყიდიდა მას _ არა ცრუ გრძნობებით, მდაბალი ვნებებით და დიდი ძალაუფლებით, არამედ მხოლოდ მისი თავმოყვარეობით. თუმცა ეს თავმოყვარეობა არ იყო არც შეუცნობელი ინსტინქტი და არც ძლიერი მოთხოვნა. გარდა ამისა, გამორჩეული გენიალურობა, სილამაზე და კეთილშობილება, უდიდესი თავშეკავების გამოვლენა, უანგარობა და ქველმოქმედება ამართლებდა ამ დიადი სპირიტუალისტის, ასკეტისა და ფილანტროპის თავმოყვარეობას. კი, მაგრამ, დავადანაშაულოთ იმისთვის, რომ ასე უხვად მომადლებულ ღვთის ნაბოძებში მან დაინახა განსაკუთრებული ნიშნები ღვთის განსაკუთრებული წყალობისა მისდამი და ჩათვალა თავისი თავი ღმერთის შემდეგ პირველ ღვთის შვილად? ერთი სიტყვით, მან აღიარა თავისი თავი იმად, რაც სინამდვილეში იყო ქრისტე, მაგრამ მისი უმაღლესი ღირსების აღიარება მასში ჩამოყალიბდა არა როგორც ზნეობრივი ვალდებულება სამყაროს მიმართ, არამედ როგორც უფლება და უპირატესობა სხვებთან, განსაკუთრებით კი ქრისტესთან შედარებით. მას არ ჰქონდა პირველსაწყისი მტრობა იესოსადმი. ის აღიარებდა მის მესიანურ მნიშვნელობასა და ღირსებას, მაგრამ  ქრისტეში გულწრფელად ხედავდა მხოლოდ თავის დიდ წინამორბედს. _ ქრისტეს ზნეობრივი გმირობა და მისი აბსოლუტური განუმეორებლობა გაუგებარი იყო საკუთარი თავმოყვარეობით გონებადაბინდული ადამიანისთვის. ის ასე მსჯელობდა: „ქრისტე ჩემზე ადრე მოვდა; მე ვარ მეორე; მაგრამ ის რაც დროის მიმდინარეობაში შემდგომია, _ არსებითად პირველია. მე მოვდივარ უკანასკნელი, ისტორიის დასასრულს, იმიტომ, რომ მე ვარ სრულყოფილი საბოლოო მხსნელი. მისი, ქრისტეს _ ჩემი წინამორბედის მოწოდება იყო ემცნო და მოემზადებინა ჩემი გამოცხადება“. და ამ აზრში XXI საუკუნის უდიდესი ადამიანი გამოიყენებს ყველაფერს, რაც კი თქმულა სახარებაში მეორედ მოსვლის შესახებ, განმარტავს რა მეორედ მოსვლას, არა როგორც იმავე ქრისტეს დაბრუნებას, არამედ პირველი ქრისტეს შეცვლას უკანასკნელით, ანუ საკუთარი თავით. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ორიგინალური და სახასიათო; ასეთივე იყო მუჰამედის დამოკიდებულება ქრისტესადმი, მართალი კაცისა, რომლის დადანაშაულებაც რაიმე ბოროტ ზრახვაში არ შეიძლება. ქრისტესთან თავის უპირატესობას ეს ადამიანი შემდეგი მსჯელობით გაამართლებს: „ქრისტე ქადაგებდა და თავის ცხოვრებაში ავლენდა ზნეობრივ სიკეთეს, ის იყო კაცობრიობის გამომსწორებელი; ჩემი მოწოდებაა ვიყო კეთილისმყოფელი ამ ნაწილობრივ გამოსწორებული, თუ გამოუსწორებადი კაცობრიობისა. მე მივცემ ყველა ადამიანს ყველაფერს, რაც კი საჭიროა. ქრისტე, როგორც მორალისტი, ყოფდა ადამიანებს კეთილებად და ბოროტებად; მე კი გავაერთიანებ მათ კეთილდღეობით, რომელიც ერთნაირად სჭირდებათ როგორც ბოროტებს, ასევე _ კეთილებს. მე ვიქნები იმ ღმერთის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, რომელსაც ამოჰყავს მზე კეთილთა და ბოროტთათვის, აწვიმს მართალთა და უწმიდურთ. ქრისტემ მოიტანა მახვილი; მე მოვიტან მშვიდობას. ის უქადდა დედამიწას საშინელ უკანასკნელ სამსჯავროს, მაგრამ უკანასკნელი მსაჯული ხომ მე ვიქნები და ჩემი სამსჯავრო მარტო ჭეშმარიტების სამსჯავრო არ იქნება, არამედ სამსჯავრო მოწყალებისა. სამართალი იქნება ჩემს სამსჯავროზე. ცოდვა მიზღვადია, ხოლო სიმართლე _ განაწილებადი. მე ყველას გამოვარჩევ და ყოველ ადამიანს მივცემ იმას, რაც მას სჭირდება“.
და ასეთი მშვენიერი განწყობით ის ღვთისგან ელოდა კაცობრიობის ახალი მხსნელის საქმისაკენ მოწოდების რაიმე ნათელ ნიშანს, რომელიმე აშკარა და გასაოცარ მოწმობას, რომ ის არის უფროსი ძე, საყვარელი პირმშო ღვთისა. ელის და ასაზრდოებს თავის არსებას თავისი ზეადამიანური კეთილისმყოფელების  ცნობიერებით და წყალობით . ეს ხომ, როგორც ითქვა, ის ადამიანია რომელიც უაღრესად ზნეობრივი და არაჩვეულებრივად გენიალურია.
ელის ამაყი, უმაღლესი რანგის წმინდანი, რათა შეუდგეს კაცობრიობის ხსნას, მაგრამ ვერ მოესწრება. ის უკვე 30 წელს გადასცდა. გადის კიდევ 3 წელი, და აი, გაიელვებს მის გონებაში და გამსჭვალავს მას ერთი აზრი: „ვაი თუ მე არა, არამედ ის... გალილეველი...იქნებ ის წინამორბედი კი არაა ჩემი, არამედ ნამდვილი, პირველი და უკანასკნელია? მაშინ ხომ ის ცოცხალი უნდა იყოს... სადაა ის?.. ვაი თუ მოვიდეს ჩემთან... ახლა, აქ... რას ვეტყვი მას? მე ხომ უნდა მოვიხარო ქედი მის წინაშე, როგორც უკანასკნელმა ჩერჩეტმა ქრისტიანმა, როგორც ვინმე რუსმა გლეხმა უაზროდ ვიბუტბუტო: „ უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“, თუ პოლონელი დედაკაცივით განვერთხო მის წინაშე? მე _ ნათელი გენია, ზეკაცი, არა, არასოდეს!“ და, იმავ დროს, ყოფილი ღმერთისა და ქრისტესადმი გონიერი ცივი პატივისცემის ადგილას მის გულში ჩნდება და იზრდება მწველი, მთელი მისი არსების შემკუმშველი, ყოვლისმომცველი შური და მძვინვარე სიძულვილი. „მე, მე და არა ის! ის აღარაა ცოცხალი, არ არის, და არც იქნება. არ აღმდგარა, არ აღმდგარა, არ აღმდგარა! დალპა, დალპა თავის საფლავში, დალპა, როგორც უკანასკნელი ...“ და აქაფებული პირით გაშმაგებული გამოვარდება სახლიდან. ბაღიდან, ღამის სიჩუმეში მირბის კლდოვან ბილიკზე... მძვინვარებამ იკლო და იგი მშრალმა, ამ კლდეებივით მძიმე და ღამესავით ბნელმა სასოწარკვეთამ შეცვალა. იგი გაჩერდა ციცაბო კლდის ნაპირთან და სადღაც ქვემოდან ქვებზე მჩქეფარე ნაკადის ხმა შემოესმა. აუტანელი სევდა აწვებოდა მის გულს. უეცრად მასში რაღაც შეიძრა. „დავუძახო მას, დავუძახო მას, ვკითხო, რა ვქნა?“  _ და სიბნელეში მას წარმოუდგა მშვიდი და სევდიანი ხატება.  „მას ვეცოდები... არა, არასოდეს! არ აღმდგარა, არ აღმდგარა!“ და ის კლდიდან გადაეშვა. მაგრამ რაღაც სხვამ მკვრივმა, როგორც წყლის ჭავლმა შეაკავა ის ჰაერში, თითქოს ელექტრონული მუხტის დარტყმამ შეაძაგძაგაო, რაღაც ძალამ უკუაგდო იგი. წამიერად მან გონი დაკარგა და ნაპირიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, უკვე მუხლებზე მდგარი მოეგო გონს. მის წინ ფოსფორული სინათლით განათებული ფიგურა გამოიხატა. მისგან გამომავალი  ორი მოუთმენლად ელვარე და მახვილი თვალი მსჭვალავდა მის სულს.
ხედავს იგი ამ ორ განმსჭვალავ თვალს და ესმის შიგნიდან, თუ გარედან რაღაც უცნაური ხმა _  ყრუ, თითქოს შეკუმშული, თან მკაფიო, ფოლადისებრი, და თან სრულიად უსულო, როგორც ფონოგრაფისა. და ეს ხმა ეუბნება მას: „ჩემო საყვარელო შვილო, შენში მთელი ჩემი წყალობაა. რატომ არ მომაგებ მე? რატომ ეთაყვანები იმას, სულელს და მის მამას? მე ვარ ღმერთი და მამა შენი. ხოლო ის გლახაკი ჯვარცმული ჩემთვის და შენთვის უცხოა; მე შენს გარდა სხვა ძე არ გამაჩნია. შენ ერთადერთი, მხოლოდშობილი, ჩემი სწორი ხარ. მე მიყვარხარ შენ და შენგან არაფერს ვითხოვ. შენ ისედაც მშვენიერი, დიდებული და მძლავრი ხარ. აკეთე შენი საქმე შენივე, და არა, ჩემი სახელით. მე არ მშურს შენი. მე მიყვარხარ შენ. არაფერი მჭირდება შენგან. ის, ვისაც შენ ღმერთად მიიჩნევ, თავისი შვილისაგან ითხოვდა უსაზღვრო მორჩილებას, მორჩილებას ჯვარზე სიკვდილამდე. და ის ჯვარზე გაკრულს არ დაეხმარა. მე შენგან არაფერს ვითხოვ. მე დაგეხმარები შენ. შენთვის, შენი ღირსებისა და ჩემი შენდამი უანგარო სიყვარულისთვის მე დაგეხმარები შენ. მიიღე სული ჩემი. როგორც მანამდე გშვა სულმა ჩემმა მშვენიერებაში, იშვი ახლა _ ძლიერებაში“. და ამ უხილავის სიტყვებით ზეკაცის ბაგენი უნებლიედ განიხვნენ, ორი გამჭოლი თვალი სულ ახლოს მივიდა მის სახესთან და მან იგრძნო, თუ როგორ შევიდა მასში და მთლიანად აავსო მისი არსება  რაღაც ბასრმა და ყინულოვანმა ჭავლმა. და ამასთან, იგრძნო არგანცდილი ძალა, სიმხნევე, სიმსუბუქე და აღფრთოვანება. იმავე წამს მანათობელი ხატება და ორი თვალი უეცრად გაქრა, ზეკაცი კი რაღაცამ აიტაცა მიწიდან და ბაღში, თავისი სახლის კართან დასვა.
მეორე დღეს, არა მარტო სტუმრები, არამედ მისი მსახურნიც განცვიფრებულნი იყვნენ მისი განსაკუთრებული, უცნაურად შთაგონებული სახით. მაგრამ ისინი კიდევ უფრო განცვიფრებულები დარჩებოდნენ, რომ ენახათ, როგორ ზებუნებრივი სისწრაფითა და სიმსუბუქით წერდა თავის განთქმულ ნაშრომს: „ღია გზა სამყაროს მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ“.
ზეკაცის ადრინდელი წიგნები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კრიტიკოსთა მკაცრ წინააღმდეგობას ხვდებოდა. უმეტესი ამ ხალხიდან რელიგიურები და ,შესაბამისად, ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებულნი იყვნენ _ მე ხომ ანტიქრისტეს მოსვლის ჟამზე ვსაუბრობ, _ ასე, რომ ცოტა ვინმე თუ უსმენდა მათ, როცა ისინი მიუთითებდნენ განსაკუთრებული, დაძაბული თავმოყვარეობის და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, ყოველგვარ ჭეშმარიტ უბრალოებას, პირდაპირობასა და გულითადობას მოკლებულ ნიშნებზე,რაც „მომავალი ადამიანის“ ნაწერებსა თუ ნათქვამში ჩანდა. მაგრამ თავისი ახალი ნაშრომით ის მოიმხრობს თავის ყოფილ კრიტიკოსებსა თუ მოწინააღმდეგეებს. კლდის პირას მომხდარი ამბის მერე დაწერილი ეს წიგნი, წარმოაჩენს მასში მანამდე არარსებული ძალის გენიას. ეს იქნება რაღაც ყოვლისმომცველი და ყველა წინააღმდეგობრიობის შემრიგებელი. აქ შეერთდება კეთილშობილური პატივისცემა უძველესი გადმოცემებისა და სიმბოლოებისადმი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნილებები ფართო და თამამი რადიკალიზმით. აზრის განუსაზღვრელი თავისუფლება ყველაფერი მისტიურის ღრმა წვდომით, უპირობო ინდივიდუალიზმი მხურვალე ერთგულებით საერთო კეთილდღეობისადმი, წარმმართველ საწყისთა ყველაზე ამაღლებული იდეალიზმი პრაქტიკული გადაწყვეტილებების სრული განსაზღვრულობით და ცხოველმყოფელობით. ეს ყველაფერი შეკრული იქნება ისეთი გენიალური მხატვრულობით, რომ ყველა ცალმხრივად მოაზროვნისა და მოღვაწისათვის ადვილად დასანახი და მისაღები იქნება მხოლოდ თავისი გადასახედიდან დანახული მთლიანობა ჭეშმარიტებისთვის არაფრის გაუწირავად, თავის მე-ზე აუმაღლებლად, თავის ცალმხრივობაზე უარის უთქმელად, თავისი შეხედულებების და მისწრაფებების მცდარობის გამოუსწორებლად, არასრულობის შეუვსებლად. ეს წიგნი უმალვე იქნება თარგმნილი ყველა განათლებული თუ ნაკლებად განათლებული ერის ენაზე. ათასობით გაზეთი მთელი წლის განმავლობაში გაივსება გამომცემლობათა რეკლამებით და კრიტიკოსთა აღფრთოვანებით. ავტორის პორტრეტიანი იაფი გამოცემები მილიონიანი ტირაჟით გაიყიდება და მთელი კულტურული სამყარო _ იმ დროისთვის ეს იგივეა, რაც მთელი მსოფლიო _ აივსება შეუდარებელის, დიდებულის და ერთადერთის დიდებით! არავინ  იდავებს ამ წიგნზე. ის ყველს საყოველთაო ჭეშმარიტების გამოცხადებად მოეჩვენება. მთელს წარსულს ისეთი სამართლიანი შეფასება მიეცემა, მთელი აწმყო ისე მიუკერძოებლად და ყოველმხრივ შეფასდება, ხოლო უკეთესი მომავალი ისე თვალსაჩინოდ და ხელშესახებად მიუახლოვდება სინამდვილეს, რომ ყოველი იტყვის: „აი, ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება; აი, იდეალი, რომელიც არაა უტოპია; აი, ჩანაფიქრი, რომელიც არაა ქიმერა“. და საოცარი მწერალი არა მარტო გაიტაცებს ყველას, არამედ ის ყველასთვის სასიამოვნოც იქნება და აღსრულდება ქრისტეს სიტყვები: „მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“. მართლაც და _ რომ იყო მიღებული, უნდა იყო სასიამოვნო.*  ზოგი ამ წიგნის მხურვალედ მაქებარი ღვთისმოსავი იკითხავს, რატომ არაა მასში არც ერთხელ ნახსენები ქრისტე? მაგრამ სხვა ქრისტიანები შეეპასუხებიან: „და მადლობა ღმერთს! _ საკმარისად იყო გასულ საუკუნეებში მთელი სიწმინდე გადაღეჭილი ცრუმოწოდებული ქომაგების მიერ და ახლა ღრმად რელიგიური მწერალი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და თუ ამ წიგნის შინაარსი განმსჭვალულია ქმედითი სიყვარულის ქრისტიანული სულით და ყოვლისმომცველი წყალობით, მეტი რაღა გინდათ“?_  და ამას ყველა დაეთანხმება.  „ღია გზის“ გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, რომელმაც ავტორი ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ადამიანად აქცია, ბერლინში უნდა შემდგარიყო ევროპის სახელმწიფოთა კავშირის დაფუძნებითი კრება. ამ კავშირს, დაარსებულს მონღოლური უღლისაგან განმათავისუფლებელი რიგი შიდა და გარე ომების შემდეგ, რომელთაც ევროპის რუკა საგრძნობლად შეცვალეს, საფრთხე შეექმნა არა ეროვნებათა შორის შეტაკებისგან, არამედ პოლიტიკური და სოციალური პარტიებისგან. საერთო ევროპული პოლიტიკის მმართველები, რომლებიც ფრანკმასონთა ძლევამოსილ საძმოს განეკუთვნებოდნენ, გრძნობდნენ საერთო აღმასრულებელი ძალაუფლების ნაკლებობას. უმძიმესი შრომით მიღწეული ევროპული ერთიანობა მზად იყო ყოველ წუთს დაშლილიყო. საკავშირო საბჭოში, ანუ მსოფლიო გამგეობაში (Comitё permanent universe)[4] არ იყო ერთსულოვნება, რადგან საქმეში განდობილი ნამდვილი მასონების მიერ ვერ მოხერხდა ყველა ადგილის დაკავება. გამგეობის დამოუკიდებელი წევრები ერთმანეთში დებდნენ სეპარატისტულ შეთანხმებებს, რაც ახალ ომს მოასწავებდა. მაშინ „განდობილებმა“ გადაწყვიტეს დაემყარებინათ ერთპიროვნული აღმასრულებელი ხელისუფლება საკმარისი სრულუფლებიანობით. მთავარი კანდიდატი, ორდენის იდუმალი წვრი _ „მომავალი ადამიანი“ იყო. იგი იყო ერთადერთი მთელს მსოფლიოში სახელმოხვეჭილი სახე. პროფესიით მეცნიერ-არტილერისტს, ხოლო ქონებრივად დიდ კაპიტალისტს, მას ყველგან გააჩნდა მეგობრული კავშირები სამხედრო თუ ფინანსურ წრეებში. სხვა, უფრო ნაკლებად განათლებულ დროში მის წინააღმდეგ ის გარემოებაც ილაპარაკებდა, რომ მისი წარმომავლობა ბურუსით იყო მოცული. დედამისი, შემწყნარებლური ქცევის პიროვნება, ძალიან კარგად იყო ცნობილი დედამიწის ორივე ნახევარსფეროში, მაგრამ ზედმეტად ბევრ პიროვნებას ჰქონდა თანაბარი მიზეზი, მის მამად ჩათვლილიყვნენ, მაგრამ ამ გარემოებას, რა თქმა უნდა არანაირი მიშვნელობა არ ჰქონდა ისეთი მოწინავე საუკუნისთვის, რომელიც ბოლოც კი უნდა ყოფილიყო. მომავალი ადამიანი თითქმის ერთხმად იქნა არჩეული ევროპის შეერთებული შტატების სამუდამო პრეზიდენტად და როცა ის წარსდგა ტრიბუნაზე მთელი თავისი ზეადამიანური, ჭაბუკური სილამაზით და ძალით, შთაგონებული მჭევრმეტყველებით წარადგინა თავისი უნივერსალური პროგრამა. მოხიბლულმა, აღტაცებულმა და ენთუზიაზმით აღვსილმა კრებამ ერთხმად უდიდესი პატივი მიაგო, აირჩია რა იგი რომის იმპერატორად. კრება დაიხურა საყოველთაო ზეიმით და დიდმა რჩეულმა გამოსცა მანიფესტი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: მსოფლიო ხალხებო: „მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ“ _ და მთავრდებოდა სიტყვებით: „მსოფლიოს ხალხებო! აღსრულდა აღთქმა! მშვიდობა მსოფლიოში დამყარებულია! ყოველგვარ მცდელობას, დაარღვიოს იგი, მყისვე შეხვდება დაუძლეველი წინააღდეგობა, რადგან ამიერიდან დედამიწაზე არსებობს ერთადერთი ცენტრალური ძალაუფლება, , რომელიც ყველა სხვა ერთად აღებულ ძალაზე ძლიერია. ეს დაუძლეველი ძალაუფლება მეკუთვნის მე, ევროპის სრულუფლებიან რჩეულს, მისი მთელი ძალების იმპერატორს. საერთაშორიო სამართალი ფლობს სანქციას, რომელიც მანამდე არ გააჩნდა. ამიერიდან ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს თქვას „ომი“, როცა მე ვამბობ „მშვიდობა“. მსოფლიო ხალხებო _ მშვიდობა თქვენდა!“ ამ მანიფესტმა სასურველი შედეგი მოიტანა. ევროპის გარეთ, ყველგან, განსაკუთრებით კი, ამერიკაში, ჩამოყალიბდა ძლიერი იმპერიალისტური პარტიები, რომლებმაც სხვადასხვა პირობით აიძულეს თავისი სახელმწიფოები მიერთებოდნენ ევროპის შეერთებულ შტატებს რომის იმპერატორის მეთაურობით. რჩებოდნენ კიდევ დამოუკიდებელი ტომები და პატარა სახელმწიფოები აზიასა და აფრიკაში. იმპერატორი რუსების, გერმანელების, პოლონელების, უნგრელებისა და თურქებისგან შემდგარი მცირე, მაგრამ რჩეული არმიით ახორციელებს საომარ „გასეირნებას“ აღმოსავლეთ აზიიდან მაროკომდე და უმნიშვნელო სისხლისღვრით იმორჩილებს ყველა ურჩს. ქვეყნიერების ორივე ნაწილში, ყველა ქვეყანაში ის სვამს თავის ერთგულ ადგილობრივ მმართველებს. ყველა წარმართული ქვეყნის აღფრთოვანებული და მოხიბლული მოსახლეობა მას ღმერთად გამოაცხადებს. ერთ წელიწადში ყალიბდება მსოფლიო მონარქია. ომის ამონაყარი ძირ-ფესვიანად იქნა ამოძირკვული. მსოფლიო მშვიდობის ლიგა უკანასკნელად შეიკრიბა და აღფრთოვანებული პანეგერიკი უძღვნა დიდ მშვიდობისმყოფელს და დაიხურა, როგორც, ამიერიდან, უფუნქციო. თავისი მმართველობის ახალ წელს, რომის და მსოფლიოს იმპერატორი გამოსცემს ახალ მანიფესტს: „ მსოფლიო ხალხებო! მე დაგპირდით მშვიდობას და მოგეცით იგი. მაგრამ მშვიდობა მხოლოდ კეთილდღეობითაა მაშვენიერი. ვისაც მშვიდობისას სიღატაკე და გასაჭირი ემუქრება, მას მშვიდობაც არ უხარია. და მოდით ჩემთან საზრდოს და სითბოს მოკლებულნო, რომ დაგაპუროთ და გაგათბოთ!“
შემდეგ ის აცხადებს უბრალო და ყოვლისმომცველ სოციალურ რეფორმას, რომელიც მის ნაშრომში ადრევე იყო ჩამოყალიბებული და რომელმაც დაატყვევა ბევრი კეთილშობილი და საღი გონება. მსოფლიო ფინანსების მის ხელში მოქცევით მან შეძლო ეს რეფორმა განეხორციელებინა ღარიბთა მოთხოვნით, და, იმავ დროულად მდიდრების უმნიშვნელო „დაზარალებით“. ყველამ მიიღო თავისი ნიჭიერებისა და დამსახურებისამებრ.
მსოფლიოს ახალი მეუფე, პირველ რიგში გულჩვილი ფილანტროპი იყო _ და არა მარტო ფილანტროპი, არამედ ფილოზოი[5]. თვითონ ის ვეგეტარიანიელი იყო, მან აკრძალა ვივისექცია და სასაკლაოებზე მკაცრი კონტროლი დააწესა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ყოველ მხრივ წახალისებულნი იყვნენ მის მიერ, მაგრამ ამ წვრილმანებზე უფრო მთავარი იყო ადამიანთა შორის მთავარი თანასწორობის „საყოველთაო დაკმაყოფილების“ მიღწევა. ეს აღსრულდა მისი მეფობის მეორე წელს. სოციალურ-ეკონომიკური საკითხი საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი, მაგრამ თუ დაპურება უმთავრესი ინტერესია მშიერთათვის, მაძღართ სხვა რამის მოთხოვნაც უჩნდებათ. ჩვეულებრივ, მაძღარ ცხოველსაც ძილის გარდა თამაშიც უნდა ხოლმე. მით უმეტეს კაცობრიობა, რომელიც ყოველთვის post panem ითხოვს circenses[6].
იმპერატორი ზეკაცი მიხვდება, რა სჭირდება მის ბრბოს. იმ დროს რომში შორეული აღმოსავლეთიდან მასთან ჩამოვა უცნაური სინამდვილი ა და გამოგონილის სქელი ბურუსით მოცული დიადი სასწაულთმოქმედი. ნეობუდისტებში გავრცელებული ხმების თანახმად, ის იქნება ღვთაებრივი წარმომავლობის _ მზის ღმერთის სურიასა და რომელიღაც ნიმფის შთამომავალი.
ეს სასწაულმოქმედი, სახელად _ აპოლონიუსი, უდაოდ გენიალური ადამიანი, ნახევრად ევროპელი, ნახევრად აზეიელი, კათოლიკე ეპისკოპოსი in partibus infidelium[7], რომელშიც შერწყმულიყო თანამედროვე დასავლური ტექნიკურ-მეცნიერული მიღწევები აღმოსავლურ მისტიკასთან. შედეგი განსაცვიფრებელი იქნება. ის შეძლებს, ნაწილობრივ მაგიის, და ნაწილობრივ _ მეცნიერული ხრიკებით ატმოსფერული ელექტრო ენერგიის მართვას და ხალხში გავრცელდება ხმა, რომ მას შეუძლია ზეციდან ცეცხლის გარდმოვლენა. განაცვიფრებს რა ბრბოს თავისი საოცრებებით, ის მათ, დრომდე, არ გამოიყენებს ბოროტად, რაიმე განსაკუთრებულად ბოროტი მიზნების მისაღწევად. მაშ ასე, ეს ადამიანი მივა იმპერატორთან, თაყვანს სცემს, როგორც ჭეშმარიტ ძეს ღვთისას და განუცხადებს, რომ აღმოსავლურ საიდუმლო წიგნებში  ამოიკითხა პირდაპირი მინიშნება მასზე, იმპერატორზე, როგორც უკანასკნელ მხსნელსა და სამყაროს მსაჯულზე და თავის სამსახურს და მთელ თავის ხელოვნებას შესთავაზებს. მოხიბლული მინპერატორი ამას ზეგარდმო ძღვენად მიიღებს. მიანიჭებს უამრავ ტიტულს და აღარც მოიშორებს გვერიდან. ამგვარად მსოფლიო ერები, კეთილისყოფილნი თავიანთი მეუფის მიერ, საყოველთაო დაპურებისა და მშვიდობის გარდა მიიღებენ საშუალებას მუდმივად დატკბნენ საუცხოო და უეცარი სასწაულებით. იწურებოდა მმართველობის მესამე წელი.
პოლიტიკური და სოციალური საკითხების მოგვარების შემდეგ, წამოიწია რელიგიური საკითხიც. იგი თვითონ იმპერატორმა წამოწია და, პირველ რიგში, ქრისტიანობასთან მიმართებაში. იმ დროისთვის დედამიწაზე, სულ რაღაც, მილიონი ქრისტიანი რჩებოდა. იკლო რა რიცხოვნობით, ის სულიერად უფრო ძლიერი რჩებოდა. ადამიანები, რომლებსაც არანაირი სულიერი ინტერესი და კავშირი არ გააჩნდათ ქრისტიანობასთან _ უკვე აღარ მიეკუთვნებოდნენ ქრისტიანებს. სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელნიც შემცირდნენ, ასე რომ მათ შორის , დაახლოებით , იგივე რიცხობრივი თანაფარდობა რჩებოდა. რაც შეეხება ურთიერთ დამოკიდებულებას, მტრობა სრული შერიგებით არ დასრულებულა, მაგრამ ადრინდელ სიმწვავეს მოკლებული იყო. პაპობა უკვე დიდი ხნის განდევნილი იყო რომიდან და მან დიდი ხნის „ხეტიალის“  შემდეგ პეტერბურგში ჰპოვა თავშესაფარი. იმ პირობით, რომ ამ ქალაქში და ზოგადად ქვეყნის შიგნით თავს შეიკავებდა პროპაგანდისაგან. რუსეთში ის მნიშვნელოვნად გაუბრალოვდა. თავისი თანამდებობებისა და კოლეგიის წევრთა რაოდენობის არსებითად შეუცვლელად მას მინიმუმამდე უნდა დაეყვანა რიტუალი და ცერემონიალი. ბევრ უცნაურ, ძველ და მაცდურ წესს ყავლი გაუვიდა. ყველა სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი _ ჩრდილოეთ ამერიკაში, კათოლიკურ ეკლესიას ჯერ კიდევ ჰყავდა არაერთი წარმომადგენლობა მტკიცე ნებით, უშრეტი ენერგიით და დამოუკიდებელი მდგომარეობით, რომლებმაც კიდევ უფრო შეკრეს კათოლიკური ეკლესიის ერთიანობა და შეუნარჩუნეს საერთაშორისო, კოსმოპოლიტური მნიშვნელობა. რაც შეეხება პროტესტანტობას, მის სათავეში, კვლავინდებურად, გერმანია იდგა. მას შემდეგ, რაც ანგლიკანური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი კათოლიკურს შეუერთდა, იგი გაიწმინდა უკიდურესად უარყოფითი ტენდენციებისაგან, რომელთა მომხრეები ღიად გადავიდნენ რელიგიური ინდიფერენტიზმისა და ურწმუნოებისაკენ. ევანგელისტურ ეკლესიაში კი დარჩნენ ჭეშმარიტად მორწმუნენი. მათ სათავეში ედგა ხალხი, რომელთაც გააერთიანეს ფართო მეცნიერული ცოდნა და ღრმა რწმენა და უფრო ძლიერად მიისწრაფოდნენ თავის თავში უძველესი ქრისტიანობის ჭეშმარიტად ცოცხალი სახის აღორძინებისკენ. რუსულმა მართლმადიდებლობამ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა მოვლენებმა შეცვალეს ეკლესიის ოფიციალური მდგომარეობა, დაკარგა არა ერთი მილიონი თავისი ნომინალური წევრებისა. სამაგიეროდ შეიერთა სტაროვერები და დადებითი რელიგიური მიმართულების სექტები. ეს განახლებული ეკლესია რიცხობრივად არ გაზრდილა, სამაგიეროდ სულიერად განმტკიცდა, რაც გამოვლინდა კიდეც ქვეყნის შიგნით მომრავლებული სექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც არ იყვნენ დემონურ-სატანისტურ ელემენტებს მოკლებულნი. იმპერატორის მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე მთელი რიგი რევოლუციებისა და ომებისაგან შეშინებული და დაღლილი ქრისტიანები, ახალ მბძანებელს და მის მშვიდობიან რეფორმებს, ნაწილობრივ დადებითი მოლოდინით, ნაწილობრივ კი _ აღტაცებით შეხვდნენ. მაგრამ მესამე წელს აღმოსავლელი მაგის გამოჩენისთანავე ბევრ მართლმადიდებელს, კათოლიკეს თუ ევანგელისტს მძაფრი შეშფოთება და ანტიპათია გაუჩნდა. სახარებისეულ და მოციქულთა ტექსტებს, რომლებიც ამ საუკუნის მბრძანებლისა და ანტიქრისტეს შესახებ იუწყებოდნენ, უფრო ინტენსიურად და დაკვირვებით კითხულობდნენ და აკომენტარებდნენ. იმპერატორმა იგრძნო, რომ მის თავზე საავდრო ღრუბლები გროვდებოდა და გადაწყვიტა მალევე გაერკვია, რა ხდებოდა. მისი მეფობის მეოთხე წლის დასაწყისში ის გამოსცემს მანიფესტს თავისი ერთგული ყველა ქრისტიანისადმი და იწვევს აირჩიონ ან დაამტკიცონ წარმომადგენლობა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მისივე თავმჯდომარეობით. იმ დროისთვის რეზიდენცია რომიდან იერუსალიმში იქნა გადატანილი. პალესტინ ამ დროისთვის იყო ებრაელებით დასახლებული და მათგანვე მართული ავტონომიური ოლქი. იერუსალიმი კი თავისუფალი საიმპერატორო ქალაქი გახდა. ქრისტიანული სიწმინდეები ხელშეუხებელნი რჩებოდნენ. მაგრამ მთელ ვრცელ  ხარამ-ეშ-შერიფის პლატფორმაზე ერთის მხრივ ბირკეტ-ისრაინიდან ყაზარმების ჩათვლით და, მეორე მხრივ „სოლომონის თავლიბისა“ და ალ-აქსას მეჩეთის ჩათვლით აღმართული იყო ერთი გრანდიოზული შენობა, რომელიც ორი ძველი მეჩეთის გარდა მოიცავდა დიდ საიმპერატორო ტაძარს ყველა კულტის ერთიანობისთვის, იმპერატორის ორ სასახლეს ბიბლიოთეკებით, მუზეუმებით და მაგიური ცდების ჩასატარებელი განსაკუთრებული განყოფილებებით. ამ ნახევრად ტაძარ, ნახევრად სასახლეში 14 სექტემბერს უნდა გახსნილიყო მსოფლიო კრება. ვინაიდან ევანგლისტური კვლევა იმთავითვე მოკლებული იყო სიწმინდეს, კათოლიკე და მართლმადიდებელი იერარქები, იმპერატორის სურვილისამებრ ერთგვაროვანი სახე რომ მიეცათ ქრისტიანობის ყველა ნაწილის წარმომადგენლობისათვის, გადაწყვიტეს, კრებაზე დაეშვათ საერო და დაბალი სასულიერო შავი და თეთრი ფრთა. ამგვარად, კრების მონაწილეთა საერთო რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა, ხოლო ნახევარ მილიონამდე მომლოცველი პალესტინასა და იერუსალიმში შეიკრიბა. კრების წევრთაგან, განსაკუთრებით, სამი გამოირჩეოდა: პირველ რიგში _ კათოლიკეთა წინამძღვარი _ პაპი პეტრე II. მისი წინამორბედი, კრებაზე მომავალი გზაში გარდაიცვალა. დამასკოში შედგა კონკლავი და ერთხმად არჩეულ იქნა კარდინალი _ სიმონე ბარიონინი პეტრედ წოდებული. ის უბრალო წარმოშობის იყო, ნეაპოლიტანიიდან და სახელი გაითქვა, როგორც კარმელიტების ორდენის მოძღვარმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პეტერბურგსა და მის შემოგარენში მომძლავრებული ერთი სატანისტური სექტის წინააღმდეგ ბრძოლაში, სექტის რომელმაც არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ბევრი კათოლიკეც გადაიბირა. გახდა რა მოგილევის არქიეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ კი _ კარდინალი, ის იმთავითვე იყო შერჩეული ტიარისათვის. ის იყო ორმოცდაათიოდე წლის კაცი, საშუალო სიმაღლის, მკვრივი აგებულების, წითელი სახით, კეხიანი ცხვირითა და ხშირი წარბებით. იყო მიზანდასახული ადამიანი, საუბრობდა მხურვალედ და ჟესტებით. თითქოს უფრო იტყუებდა მსმენელს, ვიდრე არწმუნებდა.
მსოფლიო მბრძანებლისადმი ახალი პაპი უნდობლობას გამოხატავდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აწ გარდაცვლილი პაპი კრებაზე გამგზავრების წინ დასთანხმდა იმპერატორს, კარდინალად დაენიშნა იმპერატორის კანცლერი და დიადი მაგი, ეგზოტიკური ეპისკოპოსი _ აპოლონიუსი, რომელსაც პეტრე საეჭვო კათოლიკედ და მატყუარად მიიჩნევდა. მართლმადიდებლების ჭეშმარიტი, მაგრამ არა ოფიციალიური წინამძღვარი ბერი იოანე  _ ძალიან ცნობილი იყო რუს ხალხში, მიუხედავად იმისა, რომ ის ითვლებოდა საქმეს ჩამოშორებულ ეპისკოპოსად, ის არცერთ მონასტერში არ ცხოვრობდა და მუდამ მოგზაურობდა სხვადასხვა მიმართულებით. მასზე მრავალი ლეგენდა დადიოდა. ზოგნი ამტკიცებდნენ, რომ ის იყო მკვდრეთით აღმდგარი თეოდორე კუზმიჩი , იგივე _ იმპერატორი ალექსანდრე I, რომელიც სამი საუკუნით ადრე იყო დაბადებული. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ის ნამდვილი ბერი იოანეა, ანუ მოციქული იოანე, რომელიც არასდროს გარდაცვლილა და ღიად გამოჩნდა ბოლო ჟამს. თვითონ ის არასოდეს საუბრობდა თავის წარმომავლობასა და ახალგაზრდობაზე. იმჟამად იყო ღრმა მოხუცი, მაგრამ საოცრად მხნე, სიყვითლემდე მისული თეთრი თმითა და წვერით, მაღალი და გამხდარი, მაგრამ სავსე და ოდნავ მოვარდისფრო ლოყებით, ცოცხალი, ნათელი თვალებით, გულის ამაჩვილებლად კეთილი სახის გამომეტყველებით და საუბრის მანერით. ის მუდამ თეთრ ანაფორასა და მანტიაში იყო გამოწყობილი. ევანგელისტებს კი, სათავეში ედგათ განსწავლული გერმანელი თეოლოგი _ ერნსტ პაული. ის იყო არცთუ ისე მაღალი, გამხდარი მოხუცი, უშველებელი შუბლით, წვეტიანი ცხვირითა და სუფთად გაპარსული ნიკაპით. მისი თვალები საოცარი სიმკაცრითა და გულკეთილობით გამოირჩეოდნენ. ის ყოველ წუთს ხელებს ისრესდა, თავს აქნევდა, საშინლად შეჭმუხნიდა წარბებს და ტუჩებს გამობურცავდა. ამასთან, ის თვალების ბრიალით, პირქუშად გამოთქვამდა წყვეტილ ფარზებს: „So! Nun! Ja! So also!”[8] იგი საზეიმოდ იყო გამოწყობილი თეთრ ჰალსტუხსა და პასტორის გრძელ სურთუკში, რომელიღაც ორდენის ნიშნებით.
კრების გახსნა შთამბეჭდავი გახლდათ. ტაძრის ორი მესამედი, მიძღვნილი „ყველა კულტის ერთიანობისთვის“ სავსე იყო კრების მონაწილეთათვის განკუთვნილი მერხებითა და სკამებით. ტაძრის ერთი მესამედი ეკავა მაღალ ესტრადას, სადაც იმპერატორის ტახტისა და მაგის _ იგივე კარდინალ-კანცლერის ტახტის უკან განთავსებული იყო მინისტერბის, სამეფო კარის წარმომადგენელთა და სახელმწიფო მდივანთათვის  სავარძლები, გვერდზე კი სავარძლების უფრო გრძელი რიგები, რომელთა დანიშნულება უცნობი იყო. იქვე განლაგებული იყო მუსიკალური ორკესტრი; გვერდით მოედანზე კი გვარდიის ორი პოლკი და ქვემეხები საზეიმო ზალპისთვის. კრების წევრებს უკვე აღესრულებინათ წირვა სხავდასხვა ტაძრებში, როდესაც იმპერატორი გამოვიდა თავისი ამალისა და მაგის თანხლებით და ორკესტრმა ააგუგუნა იმპერიის ჰიმნი _ „ერთიანი კაცობრიობის მარში“. კრების ყველა წევრი ადგა ქუდების ქნევით. სამჯერ შესძახეს: „Vivat! ვაშა! Hoch!“ ტახტთან მდგარმა იმპერატორმა უდიდესი კეთილგანწყობილებით ასწია ხელი, სასიამოვნოდ ჟღერადი ხმით წარმოთქვა: „ქრისტიაანებო! ჩემო საყვარელო ქვეშევრდომნო და ძმანო! ჩემი მეფობის დასაწყისიდან, რომელიც  ზეციერმა საოცარი და დიადი საქმეებით წარმოაჩინა, მე არც ერთხელ არ მქონია თქვენით უკმაყოფილების მიზემი. თქვენ ყოველთვის ასრულებდით თქვენს ვალს რწმენისა და სინდისის მიხედვით, მაგრამ ეს ჩემთვის არ კმარა. ჩემს ჭეშმარიტ სიყავრულს თქვენდამი, საყვარელნო ძმანო, თქვენგან სიყვარულივე სწყურია. მე მინდა, რომ  არა ვალის მოხდის მიზნით, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულით მაღიაროთ თქვენ ჭეშმარიტ ბელადად, ადამიანთა კეთილდღეობისთვის წამოწყებულ ყველა საქმეში. და იმის გარდა, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ, მინდა განსაკუთრებული პატივი მოგაგოთ. ქრისტიანნო! რითი შემიძლია გაგაბედნიეროთ? რა მოგცეთ ისეთი, არა როგორც ქვეშევრდომებს, არამედ როგორც ერთმორწმუნე ძმებს? ქრისტიანნო! მითხარით, რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ქრისტიანობაში, რომ მე იქით მივმართო ჩემი ძალისხმევა?“ ის გაჩერდა და იცდიდა. ტაძარს ყრუ გუგუნმა გადაუარა. კრების წევრები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. პაპი პეტრე მხურვალე ჟესტიკულაციით რაღაცას უხსნიდა გარშემო მყოფთ. პროფესორი პაული თავს აქნევდა და ტუჩებს გაცხარებით აწკლაპუნებდა. ბერი იოანე კი აღმოსავლელი ეპისკოპოსისკენ და კაპუცინისკენ დახრილიყო და ჩუმად რაღაცას უმტკიცებდა.
იმპერატორმა მოუცადა რამდენიმე წუთს და შემდეგ, ისეთივე ალერსიანი ტონით, რომელშიც ოდნავ შესამჩნევად ირონიაც გამოერია, მიმართა კრებას: „უძვირფასესო ქრისტიანნო, მე ვიცი, რაოდენ რთულია თქვენთვის ერთი მართებული პასუხის გაცემა. მე მინდა ამაშიც დაგეხმაროთ. სამწუხაროდ თქვენ უხსოვარი დროიდან იმდენ განშტოებად და ჯგუფად დაიშალეთ, რომ, შესაძლოა, საერთო მისწრაფების საგანიც არ გაგაჩნიათ. ამიტომ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ერთმანეთში შეთანხმდეთ, მაშინ მე ვეცდები შეგათანხმოთ იმაში, რომ გამოვხატო ერთნაირი სიყვარული და მზაობა, _ დავაკმაყოფილო ყველას მისწრაფება ჭეშმარიტებისაკენ. ძვირფასო ქრისტიანნო! მე ვიცი, რომ უმეტესთათვის ყველაზე ძვირფასი ქრისტიანობაში  სულიერი ავტორიტეტია, რომელსაც ის აძლევს თავის კანონიერ წარმომადგენლებს , არა მათი საკუთარი სარგებლისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის, იმიტომ, რადგან ამ ავტორიტეტზე დგას ყველასთვის საჭირო წესრიგი და ზნეობრივი დისციპლინა. ძვირფასო კათოლიკე ძმანო! ო, როგორ მესმის თქვენი შეხედულებების და როგორ მინდა ჩემი სახელმწიფო ეყრდნობოდეს თქვენი სულიერი წინამძღვრის ავტორიტეტს! რომ არ იფიქროთ, თითქოს პირფერობა და ლიტონი სიტყვებია, საზეიმოდ ვაცხადებთ: ჩვენი თვითმმართველური ნების თანახმად, კათოლიკეთა მთავარი ეპისკოპოსი _ რომის პაპი _ აღდგენილია ყველა თავისი უფლებითა და პრივილეგიებით, რაც კი ოდესმე ჰქონია მინიჭებული ჩვენს წინამორბედთთაგან, იმპერატორ კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული. და ამისათვის, კათოლიკე ძმანო, თქვენგან ვითხოვ მხოლოდ ჩემს აღიარებას თქვენს ერთადერთ მფარველად და დამცველად. მომეახლოს ვინც აქ მყოფთაგან ასეთად მაღიანებს! „ _ და მან მიუთითა ესტრადაზე ცარიელი ადგილებისკენ. და სიხარულის წამოძახილებით: “Gratias agimus! Domine! Salvum fac magnum imperatorem!”[9] _ კათოლიკური ეკლესიის თითქმის ყველა დიდებული _ კარდინალები და ეპისკოპოსები და მრევლის დიდი ნაწილი, ბერების დანახვაზე კი, _ უფრო მეტი ავიდა ესტრადაზე. ისინი თავის დაკვრით მიესალმნენ იმპერატორს და დაიკავეს თავიანთი სავარძლები. მაგრამ ქვემოთ, ტაძრის შუაში გამართული და უძრავი, როგორც მარმარილოს ქანდაკება, თავის ადგილას იჯდა პაპი პეტრე II. მთელი მისი გარემოცვა ესტრადაზე იმყოფებოდა. ერისკაცთა და ბერთა საგრძნობლად შეთხელებული ნაწილი მის ირგვლივ შეგროვდა და იქიდან შეკავებული ჩურჩული ისმოდა: “ Non pravalebunt, non pravalebunt portae inferni”.[10]
იმპერატორმა გაკვირვებით შეხედა გაუნძრევლად მჯდომ პაპს. ისევ აღიმაღლა ხმა: „საყვარელო ძმებო! მე ვიცი, რომ არიან თქვენ შორის ისეთებიც, რომელთათვის ქრისტიანობაში უმთავრესია, წმინდა გადმოცემა, ძველი სიმბოლოები,ხატები, საგალობლები და ლოცვანი და თავად ღვთისმსახურების ხარისხი. და, მართლაც, რა უნდა იყოს რელიგიური ადამიანისთვის ამაზე ძვირფასი?! იცოდეთ, რომ დღეს ჩემ მიერ ხელმოწერილ იქნა განკარგულება და გამოყოფილ იქნა ფულადი სახსრები, საიმპერატორო ქალაქ კონსტანტინოპოლში მდებარე ქრისტიანული არქეოლოგიის მსოფლიო მუზეუმისათვის, უპირატესად კი აღმოსავლეთის სიძველეთა შეკრება-გამოკვლევისათვის. თქვენ კი გთხოვთ, ხვალვე არჩეულ იქნას კომისია ჩემთან იმ ზომებსა და საკითხებზე სათათბიროდ, რომლებიც გატარებული იქნება მართლმადიდებლური ეკლესიის თანამედროვე ყოფის წესებთან და შეხედულებებთან შესაძლო დაახლოების მიზნით! მართლმადიდებელო ძმებო! ვისთვისაც მისაღებია ეს ჩემი ნება და, ვისაც გულით შეუძლია მაღიაროს მე თავის ჭეშმარიტ ბელადად და მეუფედ, ამოვიდეს აქ!“ და აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის საეკლესიო იერარქთა დიდი ნაწილი, ყოფილ სტაროვერთა ნახევარი და, ასევე, მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა, ბერთა და ერისკაცთა დიდი ნაწილი შეძახილებით ავიდნენ ესტრადაზე. მაგრამ ბერი იოანე არ ინძრეოდა და ხმამაღლა ოხრავდა. როდესაც მის გარშემო ხალხი საგრძნობლად შეთხელდა, მან დატოვა თავისი ადგილი და პაპ პეტრესთან ახლოს გადაჯდა. მასვე მიჰყვა მართლმადიდებელთა ის ნაწილი, რომელიც ესტრადაზე არ ასულა. იმპერატორი ისევ ალაპარაკდა: „ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ თქვენ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ქრისტიანობაში ყველაზე მეტად ეძვირფასება წმინდა წერილის თავისუფალი კვლევა. თქვენ ალბათ იცით, რომ ახალგაზრდობაში მე დავწერე დიდი თხზულება ბიბლიის კრიტიკაზე, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია და ჩემს აღიარებას დაუდო სათავე. და ალბათ ამის გამო, ამ დღეებში, ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან მომივიდა თხოვნა, მივიღო მათგან თეოლოგიის დოქტორის დიპლომი. და მეც გავეცი განკარგულება, _ ეპასუხათ, რომ სიამოვნებით ვღებულობ მათ თხოვნას. დღეს მე მოვაწერე ხელი ინსტიტუტის დაარსებას წმინდა წერილის ყოველმხრივ კვლევისათვის ნახევარ მილიონიანი მარკის წლიური ბიუჯეტით. და ვინც იზიარებს ჩემს სულიერ განწყობას ამ საკითხში და მაღიარებს თავის წინამძღვრად, გთხოვთ, მოდით ჩემთან, თეოლოგიის ახალ დოქტორთან!“ _ და დიად ადამიანს მშვენიერი ბაგენი რაღაც უცნაურად და დამცინავად მოეღრიცა. სწავლულ თეოლოგთა ნახევარზე მეტმა ესტარდისაკენ გასწია, ოღონდ, რაღაცნაირი ყოყმანითა და აუჩქარებლად. ყველა პროფესორ პაულს უყურებდა, რომელიც თითქოს შეზრდოდა თავის სავარძელს. მას დაბლა დაეხარა თავი, მოხრილიყო და მობუზულიყო. ესტრადაზე ასულ თეოლოგებს დაერცხვინათ, ერთ-ერთმა ხელი ჩაიქნია, კიბეებს შორის ჩახტა, და კოჭლობით გაიქცა პროფესორ პაულისა და მასთან დარჩენილი უმცირესობისაკენ. პროფესორმა თავი ასწია, უცნაური მოძრაობით წამოდგა, ცარიელ სკამებს შორის გაიარა და თავის ერთმორწმუნეებთან ერთად იოანესა და პეტრე II-სთან მოკალათდა.
კრების მონაწილეთა უმეტესობა, მათ შორის აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითქმის მთელი სასულიერო იერარაქია სცენაზე იმყოფებოდა. ქვემოთ, რჩებოდა მხოლოდ ხალხის სამი მცირე ჯგუფი,  რომლებიც ბერ იოანეს, პაპ პეტრესა და პროფესორ პაულის გარშემო გროვდებოდნენ.
მწუხარე ტონით მიმართა მათ იმპერატორმა: „კიდევ რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო, უცნაურო ხალხო? რა გინდათ ჩემგან? მე არ ვიცი. თვითონ მითხარით, თქვენ, ქრისტიანებო, უმეტეს თქვენ ძმათა და წინამძღვართაგან მიტოვებულნო! რა არის ქრისტიანობაში თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?“  აქ კი, როგორც თეთრი ცვილი, წამოიმართა ბერი იოანე და მოკლედ უპასუხა: „დიდო მეუფევ! ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის ქრისტიანობაში არის თვითონ ქრისტე! ის თვით და მისგან ყოველი! რადგან ჩვენ ვიცით, რომ მასში სრულადაა განსხეულებული ღვთიური. შენგან კი, მეუფეო, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყოველი სიკეთე, თუკი შენს ხელგაშლილობაში ამოვიცნობთ იესოს წმინდა ხელს! და შენს კითხვაზე: _ რა შეგიძლია ჩვენთვის გააკეთო_ აი ჩვენი პასუხი:  იქადაგე აქ და ახლა, ჩვენს წინაშე იესო ქრისტეზე, ღვთის ძეზე, ხორციელად შობილზე, მკვდრეთით აღმდგარზე და მომავალზე. იქადაგე, და ჩვენ სიყვარულით მიგიღებთ, როგორც ჭეშმარიტ წინამორბედს მის მეორედ დიდებით მოსვლამდე!“
ის გაჩუმდა და მზერა იმპერატორს მიაპყრო. იმპერატორის თავს კი რაღაც ავი ხდებოდა. მის შიგნით ისეთივე ჯოჯოხეთური გრიგალი ბობოქრობდა, როგორიც იმ საბედისწერო ღამეს. მან სრულიად დაკარგა შინაგანი წონასწორობა, მთელი მისი აზრები იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ გარეგანი თავდაჭერილობა არ დაეკარგა და თავი დრომდე არ გაეცა. მას არაადამიანური ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ ღრიალით არ მივარდნოდა და კბილებით არ ჩაფერნოდა მოსაუბრეს. უეცრად მას ნაცნობი ხმა ჩაესმა: „გაჩუმდი და არფრის გეშინოდეს“. ისიც დუმდა. მხოლოდ გაფითრებული სახე დაღრეჯოდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მანამდე, იოანეს საუბრის დროს კი, იქვე მჯდომი, თავის სამფეროვან მანტიაში გახვეული დიადი მაგი, რომელსაც მოსასხამი კარდინალის მეწამულს უფარავდა, თითქოს რაღაც მანიპულაციებს ახორციელებდა , თვალები უელავდა და ტუჩები უმოძრავებდა. ტაძრის ღია სარკმლებიდან ჩანდა, რომ ცაზე შავი ღრუბლები გროვდებოდა. მალე სულ ჩამოღამდა. იოანე გაოცებულ და შეშფოთებულ მზერას არ აცილებდა იმპერატორის უტყვ სახეს. და უეცრად შიშით განზე გახტა, უკან მოიხედა და შეკუმშული ხმით დაიძახა: „შვილებო, ანტიქრისტე!“ იმავ წამს, მეხის გამაყრუებელ ხმასთან ერათად ტაძარში გაჩენილმა ელვამ დაფარა ბერი იოანე; წამიერად ყველაფერი გაირინდა. ქრისტიანები გონს რომ მოეგნენ , ბერი იოანე მკვდარი ესვენა.
            ფერდაკარგულმა, მაგრამ მშვიდმა იმპერატორმა მიმართა კრებას: „თქვენ იხილეთ უფლის სასჯელი. მე არავისი სიკვდილი არ მინდოდა, მაგრამ ჩემი ზეციური მამა მიუზღავს თავისი საყვარელი შვილისთვის. საქმე გადაწყვეტილია. ვინ გაბედავს მასთან შეკამათებას? მდივნებო, ჩაიწერეთ! მსოფლიო ქრისტიანთა საეკლესიო კრებამ, მას შემდეგ, რაც ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა განგმირა ღვთაებრივი უდიდებულესობის შეშლილი მოწინააღმდეგე, ერთხმად აღიარა რომისა და მსოფლიო იმპერატორი თავის წინამძღვრად და მეუფედ!“ უეცრად, ტაძარში ერთი ხმამაღალი და გარკვევით ნათქვამი სიტყვა გაისმა: “Contradicitur”[11] . პაპი პეტრე  II ადგილიდან წამოდგა, აჭარხლებული სახით და სიბრაზისგან აცახცახებულმა აღმართა თავისი კვერთხი იმპერატორის მიმართულებით: „ჩვენი ერთადერთი მეუფე არის იესო ქრისტე _ ძე ღვთისა ! შენ კი გაიგონე, ვინც ხარ! განვედ ჩვენგან, კაენ, ძმის მკვლელო! განვედ , ეშმაკის ჭურჭელო! ქრისტეს მიერ მონიჭებული ძალით მე განგდევნი შენ, უფლის სამწყსოს საზღვრებიდან და გაბარებ შენს მამას _ სატანას! ანათემა, ანათემა, ანათემა!“ ვიდრე ის ლაპარაკობდა, დიადი მაგი მოუსვენრად მოძრაობდა თავისი მანტიის ქვეშ. კიდევ უფრო ხმამაღლა დაიქუხა და უკანასკნელი პაპი უსულოდ დაეცა. „აი, ამგვარად განადგურებული იქნება ყველა ჩემი მტერი მამაჩემის მიერ!“ _ თქვა იმპერატორმა.  “Pereant, pereant!”[12] _ შესძახეს ეკლესიის აცახცახებულმა წინამძღვრებმა. ის მოტრიალდა და ბრბოს თანხლებით დიადი მაგის მხარზე დაყრდნობილი ესტრადის უკან მდებარე კარიდან აუჩქარებლად გავიდა. ტაძარში დარჩა ორი მიცვალებული და დამფრთხალ ქრისტიანთა მჭიდროდ შეკრული მცირე ჯგუფი. ერთადერთი, ვინც არ დაბნეულა, იყო პროფესორი პაული. საერთო შიშმა თითქოს სულიერად უფრო გააძლიერა. ის თითქოს გარეგნულადაც შეიცვალა, შეიძინა დიადი და შთაგონებული იერი. იგი დამაჯერებელი ნაბიჯით ავიდა  ესტრადაზე და დაიკავა სახელმწიფო მდივანთა ერთ-ერთი თავისუფალი ადგილი, აიღო ქაღალდი და რაღაცის წერას შეუდგა. დაამთავრა რა, ის ადგა და ხმამაღლა წაიკითხა: „დიდებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იერუსალიმში გამართული მსოფლიო საეკლესიო კრება, მას შემდეგ, რაც უნეტარესმა ძმამ ჩვენმა _ იოანემ, აღმოსავლეთის ქრისტიანობის წინამძღოლმა გამოააშკარავა რა დიადი მატყუარა და მტერი უფლისა, რომ ის არის ჭეშმარიტი ანტიქრისტე, ხოლო უნეტარესმა მამამ ჩვენმა _ პეტრემ, დასავლეთის ეკლესიის წინამძღოლმა კანონიერად და სამართლებრივად განკვეთა იგი ეკლესიიდან, ამ ორი სიმართლისთვის მოკვდინებული ცხედრის წინაშე ადგენს: შევწყვიტოთ ყოველგვარი კავშირი განკვეთილთან და მის საზიზღარ ხროვასთან, გავიდეთ უდაბნოში და დაველოდოთ ჩვენი ჭეშმარიტი მეუფის _ იესო ქრისტეს გარდაუვალ  მოსვლას“. აღფრთოვანება დაეუფლა ხალხს, გაისმა ხმამაღალი შეძახილები: “Adveniat cito! Komm Her Jesu Komm![13] მოდი უფალო იესო!
            პროფესორმა პაულიმ მიაწერა და წაიკითხა: „მივიღეთ რა ერთხმად კრების ეს პირველი და უკანასკნელი აქტი, ხელს ვაწერთ“ და მან მოიხმო კრების მონაწილენი. ყველანი სწრაფად ადიოდნენ ესტრადაზე და აწერდნენ ხელს. ბოლოს კი მსხვილი გოთიკური შრიფტით მიაწერა: “Duorum de functorum testium locum tenes Ernst Pauli”[14] . „ახლა კი წავიდეთ ჩვენი უკანასკნელი აღთქმის კივოტით!“ თქვა მან და ორ ცხედარზე მიუთითა. ცხედრები საკაცეებით ასწიეს, აუჩქარებლად, გერმანული და ლათინური ჰიმნების გალობით გაემართნენ ქრისტიანები ხარამ-ეშ-შერიფის გასასვლელისაკენ. აქ მსვლელობა შეჩერებულ იქნა იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სახელმწიფო მდივნის, მისი თანმხლები ოფიცრისა და გვარდიის შენაერთის მიერ. ჯარისკაცები შესასვლელთან შეჩერდნენ, ხოლო მდივანმა ტრიბუნიდან წაიკითხა: „მისი ღვთაებრივი აღმატებულების ბრძანებით: ქრისტიანი ხალხის დასარწმუნებლად და ბოროტისმზრახველთაგან მის დასაცავად მივიღეთ გადაწყვეტილება, სახალხოდ დავასვენოთ ზეციური ცეცხლით მოკვდინებული ამ ორი შფოთისთავის ცხედარი ქრისტიანების ქუჩაზე (ხარეტ-ენ-ნასარა) ამ რელიგიის მთავარი ტაძრის შესასვლელთან, რომელიც იწოდება საფლავად უფლისა, ასევე _ აღდგომის ტაძრად, რომ ყველა დარწმუნდეს მათი სიკვდილის უეჭველობაში. ხოლო ყველა მათი შეუპოვარი თანამზრახველი, რომლებიც ბოროტად უარყოფენ ჩვენს ყველა წყალობას და თვალს ხუჭავენ აშკარა ღვთიურ ნიშნებზე, თავისუფლდებიან ჩვენი გულმოწყალებით და, ზეციურ მამასთან შუამდგომლობით, ციდან გარდამომავალი ცეცხლით დამსახურებული სიკვდილისაგან და დატოვებულ არიან თავის ნებაზე, ერთადერთი აკრძალვით _ საყოველთაო კეთილდღეობისთვის იცხოვრონ მთებსა და სხვა დასახლებულ ადგილებში. არ დაურღვიონ სიმშვიდე და არ აცდუნონ თავიანთი ბოროტი გამონაგონებით უცოდველი და უბრალო ხალხი“. როდესაც მან დაასრულა, რვაჯარისკაცი, ოფიცრის ბრძანების შემდეგ მივიდა საკაცეებთან, რომლებზეც ცხედრები ესვენა.
            „დაე, აღსრულდეს დაწერილი“ _ თქვა პროფესორმა პაულიმ. ქრისტიანებმა, რომლებსაც საკაცეები ეჭირათ, ცხედრები უხმოდ გადასცეს ჯარისკაცებს, რომლებიც გაშორდნენ მათ ჩრდილო-დასავლეთის კარიბჭის გავლით, ხოლო, ქრისტიანები _ ჩრდილო-აღმოსავლეთ კარიბჭიდან სწრაფად გავიდნენ ქალაქიდან, ჩაუარეს ზეთისხილის მთას და იერიქონისკენ გაემართნენ გზით, რომელიც წინასწარ გაეთავისუფლებინა ხალხისაგან ჟანდარმერიისა და კავალერიის ორ პოლკს. გადაწყდა იერიქონთან უდაბურ გორაკებზე გაჩერებულიყვნენ და მოეცადათ რამოდენიმე დღე. დილით იერუსალიმიდან ნაცნობი ქრისტიანი მომლოცველები მოვიდნენ და მოყვნენ, თუ რა ხდებოდა სიონში. სამეფო კარზე გამართული სადილის შემდეგ, კრების ყველა წევრი მიწვეულ იქნა დიდ სამეფო დარბაზში (სოლომონის ტაძრის სავარაუდო ადგილას) და იმპერატორმა მიმართა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ ეკლესიის საკეთილდღეოდ ითხოვს მათგან პეტრე II-ის დამსახურებული მემკვიდრის არჩევას და მისი დასწრება, როგორც მთელი ქრისტიანული სამყაროს წინამძღვრისა და წარმომადგენლისა, აანაზღაურებდა გამოტოვებული რიტუალების სიმცირეს და ის, როგორც წმინდა კოლეგიის წარმომადგენელი, სთავაზობთ თავისი საყვარელი მეგობრისა და ძმის _ აპოლონიუსის კანდიდატურას, რათა მათმა მჭიდრო კავშირმა უფრო მყარი და უწყვეტი გახადოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კავშირი. წმინდა კოლეგია განსაკუთრებული ოთახისკენ გაემართა კონკლავისთვის და საათნახევრის შემდეგ ახალი პაპის, აპოლონიუსის წინამძღოლობით წარსდგა. ხოლო იმ დროს კი იმპერატორი მოკლე და ბრძნული მჭევრმეტყველებით არწმუნებდა მართლმადიდებელი და ევანგელისტური ეკლესიების წარმომადგენლებს დაევიწყებინათ ძველი უთანხმოება და თავდებში უდგებოდა მათ, რომ პაპი აპოლონიუსი აღმოფხვრიდა თავისი ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას, რაც ისტორიულად ახასიათებდა პაპიზმს. ამ დაპირებით დარწუნებული მართლმადიდებლებისა და პროტესტანტების წარმომადგენლებმა ეკლესიების შემაერთებელი აქტი შეადგინეს და, როდესაც პაპი აპოლონიუსი კარდინალების თანხლებით გამოჩნდა დარბაზში, მთელი კრების მხურვალე შეძახილებით ბერძენმა ეპისკოპოსმა და ევანგეისტთა პასტორმა მიართვეს მას თავიანთი ქაღალდი, და “Accipio et approbo et laetificatur cor meum”[15], _ თქვა აპოლონიუსმა და მოაწერა ხელი, „მე ისეთივე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და ევანგელისტი ვარ, როგორი ჭეშმარიტი კათოლიკეც ვარ“ _დაამატა მან და მეგობრულად ამბორჰყო ბერძენსა და გერმანელს. შემდეგ ის მივიდა იმპერატორთან, რომელიც მოეხვია მას და დიდ ხანს ჰყავდა ჩახუტებული. ამ დროს კი, ტაძარსა და სასახლეში რაღაც მანათობელმა წერტილებმა იწყეს ყველა მიმართულებით მოძრაობა. ისინი იზრდებოდნენ და უცნაურ არსებათა მანათობელ ფორმებს იღებდნენ, ზემოდან, მანამდე უცნობი ყვავილები ცვიოდა, უცნობი მუსიკალური საკრავები და უხილავი მომღერლები ანგელოზური ხმებით უგალობდნენ ცისა და მიწის ახალ მეუფეთ. ამ დროს კი, ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში „კუბბეტ ელ არუახის“ ანუ „სულთა გუმბათის“ ქვეშ, სადაც მუსულმანური გადმოცემით ქვესკნელის კარიბჭე მდებარეობდა, საშინელი მიწისქვეშა გრუხუნი გაისმა. როცა კრება იმპერატორის მიპატიჟებით იმ მხარეს გაემართა, ყველამ გარკვევით გაიგონა უთვალავი ხმა, თითქოს ბავშვური და თან _ დემონური, რომლებიც იძახდნენ: „მოვიდა დრო, გამოგვიშვით, მხსნელებო, მხსნელებო!“ მაგრამ როდესაც აპოლონიუსი მივარდა კლდესთან და უცხო ენაზე სამჯერ რაღაც ჩასძახა, ხმები და მიწისქვეშა გრუხუნი შეწყდა. ამ დროს კი, უსაზღვრო ბრბო გარს შემოევლო ხარამ-ეშ-შერიფს. ღამის დადგომისთანავე იმპერატორი ახალ პაპთან ერთად პარმაღზე გამოვიდა, რასაც ხალხი ოვაციით შეხვდა. ის, მისალმების ნიშნად, იხრებოდა ყველა მხარეს, აპოლონიუსი კი, კარდინალ-დიაკვნების მიერ მირთმეული დიდი კალათებიდან შეუჩერებლად იღებდა და ჰაერში ისროდა მისი ხელის ერთი შეხებით ანთებულ, შესანიშნავ რომაულ სანთლებს, რაკეტებს და ცეცხლოვან შადრევნებს, რომლებიც ხან ფოსფორულ-მარგალიტისფრად, ხანაც _ კაშკაშა ცისარტყელის ყველა ფერით ანათებდა. და ეს ყველაფერი, მიწაზე დშვებისთანავე გადაიქცეოდა უთვალავ ფერად ქაღალდებად, სრული და უპირობო ინდულგენციებით ყველა წარსულის, აწმყოს და მომავლის ცოდვის მიტევებით. სახალხო ზეიმი ყველა ზღვარს გასცდა. მართალია, ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ იქცეოდა ინდულგენციები საზიზღარ გომბეშოებად და გველებად, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო და სახალხო ზეიმი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა, თანაც ახალი პაპი-სასწაულმოქმედი ისეთ საკვირველებებს სჩადიოდა, რომ მათი გადმოცემა ძნელია. ამ დროს კი იერიქონის უდაბნოს მაღლობებზე ქრისტიანები ლოცვასა და მარხვას მისცემოდნენ. მეოთხე დღის საღამოს, როდესაც დაბნელდა, პროფესორი პაული, თავის ცხრა მეგობართან ერთად ჯვრებითა და ჯორებით შეიპარნენ იერუსალიმში და გვერდითი ქუჩებით, ხარამ-ეშ-შერიფის გვერდის ავლით გავიდნენ ხარატ-ენ-ნასარაზე და მივიდნენ აღდგომის ტაძრის შესასვლელთან, სადაც, ქვაფენილზე პაპი პეტრესა და ბერი იოანეს ცხედრები ესვენა. ქუჩაში, იმ დროს, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მთელი ქალაქი ხარამ-ეშ-შერიფთან შეკრებილიყო. ყარაულში მყოფ ჯარისკაცებს ღრმა ძილით ეძინათ. მოსულებმა აღმოაჩინეს, რომ სხეულებს ხრწნა არ დაუწყიათ, არ გაშეშებულან და არც კი დამძიმებულან. მათ დაასვენეს სხეულები საკაცეებზე, თან წამოღებული ლაბადები გადააფარეს და იმავე შემოვლითი გზებით დაბრუნდნენ თავისიანებთან. როგორც კი საკაცეები მიწაზე დაუშვეს, სული სიცოცხლისა დაბრუნდა მათს სხეულებში. ისინი ამოძრავდნენ, ცდილობდნენ მოეშორებინათ მოხვეულილაბადები. ყველა სიხარულის შეძახილით შემოეხვია მათ დასახმარებლად. მალე ორივე აღმდგარი წამოდგა მთელი და უვნებელი. ალაპარაკდა ბერი იოანე: „აი, შვილებო, ჩვენ არც კი დავშორებულვართ და აი, რას გეტყვით ახლა: დროა აღვავლინოთ უკანასკნელი ლოცვა ქრისტესი მისი მოწაფეებისადმი, რათა იყვნენ ისინი ერთიანნი, როგორც ქრისტეა ერთიანი მამასთან. მაშ ამ ქრისტემიერი ერთიანობისთვის პატივი მივაგოთ, შვილებო, ჩვენს საყვარელ ძმას _ პეტრეს. დაე მწყემსოს მან სამწყსო ქრისტესი. აი, ასე, ძმაო“. და ის პეტრეს გადაეხვია. ამ დროს პროფესორი პაულიც მიუახლოვდათ: “Tu est Petros!” _ მიმართა მან პაპს, _ “Jetzt ist es ja griindlich er wiese und ausser iedem Zweifel gesetzt”[16] _ და მან ძლიერად მოუჭირა მის ხელს თავისი მარჯვენა, ხოლო მარცხენა იოანეს გაუწოდა და მიმართა: “So also Vaterchen _ nun sind wirja Eins in Christo[17]. და ასე მოხდა ეკლესიათა შეერთება, ბნელ ღამეს, განმარტოებულ, მაღლობ ადგილას. მაგრამ ღამის წყვდიადი, უეცრად, ნათელმა გაჰკვეთა და ცაზე უდიდესი სასწაული გამოჩნდა: სძალი უფლისა, მზით მოსილი, მის ფეხვეშ მთვარე, ხოლო თავზე _ გვირგვინი, თორმეტი ვარსკვლავით შეკრული. გამოცხადება ცოტა ხნით ადგილზე გაჩერდა, შემდეგ კი, სამხრეთისკე ნელა დაიძრა. პაპმა პეტრემ აიღო თავისი კვერთხი და წამოიძახა: „აი ჩვენი ქერუბიმი! გავყვეთ მას!“ და ის გაჰყვა მას ორივე მოძღვრის და დანარჩენი ქრისტიანების თანხლებით, _ უფლის მთისკენ, სინაისკენ...
(აქ წამკითხველი გაჩერდა)
            ქალბატონი: რატომ არ აგრძელებთ?
            ბატონი Z: ხელნაწერი ხომ აღარ გრძელდება. მამა პანსოფიმ ვერ მოასწრო დაესრულებინა თავისი მონათხრობი. უკვე ავად იყო, როცა მიყვებოდა, რომ უნდოდა წერა გაეგრძელებინა _ „აი, როგორც კი გამოვკეთდები“. მაგრამ აღარ გამოჯანმრთელებულა. მისი მონათხრობის დასასრული მასთან ერთადაა დამარხული დანილოვის მონასტერში.
            ქალბატონი: კი, მაგრამ, თქვენ ხომ გახსოვთ, რასაც ის გიამბობდათ? მოგვიყევით!
            ბატონი Z: მახსოვს მხოლოდ მთავარი შტრიხები. მას შემდეგ, რაც სულიერი წინამძღოლი და ქრისტიანობის წარმომადგენლები არაბეთის უდაბნოში გავიდნენ, მათთან ყველა ქვეყნიდან იწყეს მიდინება ჭეშმარიტი სარწმუნოების თავგამოდებულმა დამცველებმა. ახალმა პაპმა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლო გაერყვნა თავისი საოცრებებით ყველა დანარჩენი ზერელე ქრისტიანი. მან გამოაცხადა, რომ მონიჭებული ძალა-უფლებით შეეძლო გაეღო საიქიოს კარიბჭე და, მართლაც, ურთიერთობა ცოცხლებსა და გარდაცვლილებს, ადამიანებსა და დემონებს შორის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. და განვითარდა, მანამდე გაუგონარი, მისტიური სიძვა, გარყვნილება და დემონოლატრია[18]. ის იყო, იმპერატორმა ჩათვალა თავი რელიგიურ ნიადაგზე მყარად მდგომად და უხილავი „მამის“ შთაგონებით თავი სამყაოს ჭეშმარიტი ღვთაების განსახიერებად გამოაცხადა, რომ უცებ ახალი საფრთხე გამოჩნდა იქიდან, საიდანაც, ამ საფრთხეს არავინ ელოდა; აღსდგნენ ებრაელები. ამ ერისთვის, რომლის რიცხვმა, იმ დროისათვის, 30 მილიონს მიაღწია, უცხო სულაც არ იყო ზეკაცის საყოველთაო წარმატების მომზადება და განმტკიცება. როდესაც ის იერუსალიმში გადასახლდა, ფარულად ამყარებდა ებრაელებში გავრცელებულ აზრს, თითქოს მისი მთავარი ამოცანაა დაამყაროს ისრაელის ბატონობა მთელ მსოფლიოზე, რის გამოც ებრაელებმა ის მესიად აღიარეს და მათ ერთგულებას საზღვარი არ ჰქონდა. და, უეცრად ისინი აღდგნენ მრისხანებითა და შურისძიებით აღვსილნი. საქმის ასეთი შემობრუნება, წმინდა წერილშიც რომ იყო ნახსენები, პანსოფის ალბათ ზედმეტი უბრალოებით და რეალიზმით წარმოუდგება. საქმე იმაშია, რომ ებრაელებმა, რომლებიც იმპერატორს წმინდა სისხლის ისრაელიანად თვლლიდნენ, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ის წინდაცვეთილიც კი არ ყოფილა. იმ დღესვე მთელი იერუსალიმი, მეორე დღეს კი _ პალესტინაც, აჯანყებამ მოიცვა. უსაზღვრო და მხურვალე ერთგულება ისრაელის გადამრჩენის აღთქმული მესიისათვის შეიცვალა ისეთივე უსაზღვრო სიძულვილით ვერაგი მატყუარასა და თავხედი თვითმარქვიასადმი. მთელი ებრაელობა აღსდგა, როგორც ერთი და მისმა გაოცებულმა მტრებმა იხილეს, რომ სული ისრაელისა ცოცხლობს არა მამონის გათვლებით და ჟინით, არამედ _ გულითადი გრძნობების ძალით, თავისი საუკუნოვანი, მესიანური რისხვითა და იმედით. იპერატორი არ მოელოდა ასეთ უეცარ აფეთქებას. მან მთლიანად დაკარგა თვითკონტროლი და გასცა ბრძანება, სიკვდილით დაესაჯათ ყველა ურჩი ებრაელი და ქრისტიანი. მრავალი, ათეულობით ათასი, ვინც ვერ მოასწრო შეიარაღება, უმოწყალოდ გაიჟლიტა. მაგრამ, მალევე, ებრაელთა მილიონიანმა არმიამ იერუსალიმი დაიპყრო და ანტიქრისტე ხარემ-ეშ-შერიფში გამოკეტა. მის განკარგულებაში მხოლოდ გვარდიის ნაწილი იყო, რომელიც მოწინააღმდეგეს ვერ გადაწონიდა. პაპის ჯადოქრობის საშუალებით მან მოახერხა ალყის გარღვევადა ისევ გამოჩნდა სირიაში წარმართთა ურიცხვი ჯარით. ებრაელები მის დასახვედრად გამარჯვების მცირე იმედით გამოვიდნენ, მაგრამ არმიათა ავანგარდები ჯერ ხეირიანად არც კი შეყრილიყვნენ, რომ მოხდა არნახული ძალის მიწისძვრა _ მკვდარი ზღვის ქვეშ, რომლის სიახლოვეს განლაგებულიყვნენს იმპერატორის არმიები, გაიხსნა უზარმაზარი ვულკანის კრატერი და დიდმა ცეცხლოვანმა ტბამ შთანთქა თვით იმპერატორი, მისი აურაცხელი არმია და  იმპერატორის განუყრელი პაპი აპოლონიუსი, რომელსაც მთელმა მისმა მაგიამაც ვერ უშველა. ამ დროს კი ებრაელები იერუსალიმისკენ გაიქცნენ, შიშით საშველად უხმობდნენ ღმერთს ისრაელისას. როცა წმინდა ქალაქი მათ თვალსაწიერზე გამოჩნდა, დიადმა ელვამ გაჰკვეთა ცა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და მათ იხილეს  ქრისტე სამეფო შესამოსელში და გაშლილ ხელებზე სამსჭვალის ნაიარევებით. იმავე დროს, სინას მთიდან სიონისკენ მოემართებოდა ქრისტიანთა ჯგუფი პეტრეს, იოანესა და პავლეს წინამძღოლობით. ხოლო სხვადასხვა მხრიდან მორბოდა აღტაცებული ხალხი, ყველანი ანტიქრისტეს მიერ დასჯილი ებრაელები და ქრისტიანები იყვნენ. ისინი აღსდგნენ და ქრისტეს შეუერთდნენ საუკუნოდ.
            ამით მამა პანსოფის უნდოდა დაესრულებინა თავისი მონათხრობი, რომელსაც მთავარ საგნად არა მსოფლმხედველობის საყოველთაო კატასტროფა ჰქონდა, არამედ მხოლოდ ჩვენი ისტორიული პროცესის დასასრული, რომელიც მოიცავს ანტიქრისტეს განდიდებას და დაცემას.
            პოლიტიკოსი: და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დასასრული ახლოა?
            ბატონიZ : ყბედობა და ფაციფუცი კიდევ ბევრი იქნება სცენაზე, მაგრამ დრამა ხომ კარგა ხნის წინაა დაწერილი, თანაც ბოლომდე და არც მაყურებელს და არც მსახიობებს არაფრის  შეცვლა შეუძლიათ.
            ქალბატონი: მაგრამ, საბოლოოდ რა აზრია ამ დრამაში ჩადებული, და, საერთოდაც, რატომ სძულს იმ თქვენს ანტიქრისტეს ასე ღმერთი, თვითონ ხომ არსით კეთილია და არა ბოროტი?
            ბატონიZ: საქმეც იმაშია, რომ არსით არაა. აი, ამაშია მთელი აზრი. და მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ „ანტიქრისტეს მარტო ანდაზებით ვერ ახსნი“. ის უფრო ერთი უბრალო ანდაზით აიხსნება: „ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არაა“. ბრწყინვალება_ რამდენიც გინდა, აი, არსობრივი ძალა კი _ არავითარი.  
            გენერალი: მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რა დროს ეშვება ფარდა: ომის დროს, ორი არმიის შეხვედრის მომენტში. და აი, ჩვენ, ისევ იმას დავუბრუნდით, რითაც დავიწყეთ. აბა როგორ მოგწონთ ეს თავადო? . . ღმერთო ჩემო... თავადი სადღაა?
            პოლიტიკოსი: თქვენ რა, ვერ შეამჩნიეთ? ის ჩუმად წავიდა იმ პათეტიკურ მომენტში, როდესაც ბერმა იოანემ კედელთან მიიმწყვდია ანტიქრისტე. მე მაშინ არ მინდოდა კითხვა შემეწყვეტინებინა, მერე კი მიმავიწყდა.
            გენერალი: გაიქცა! ღმერთმანი, უკვე მეორედ გაიქცა! არადა როგორ ცდილობდა დაეძლია საკუთარი თავი, მაგრამ ამას ვერ მოერია. ეჰ, ღმერთო!       
1900 წელი.



* სიტყვების თამაში (Ведь для того, чтобы быть принятым, надо быть прыятным).



[1] (ბოლო ნახვა: 11,01,2013წ.)
[2]См. В.С. Соловъев. Стихотворения и шуточные пьесыб Л., 1974, с.104.
[3] ემიგრანტი
[4] მუდნივი მსოფლიო კომიტეტი (ფრანგ.)
[5] ცხოველთა მოყვარული. სიტყვა წარმოქმნილი სიტყვის მოდელიდან _ „ფილანტროპი“: filew (მიყვარს) და zvon (ცხოველი)(ბერძნ.)
[6] პურის შემდეგ... სანახაობას (ლათ.)
[7] ნაწილობრივ მორწმუნე (ლათ.)
[8] ასე!ახლა! დიახ! ასე რომ! (გერმ.)
[9] გმადლობთ! ბატონო! გაუმარჯოს დიდ იმპერატორს! (ლათ.)
[10] დაე შეიძრან ბჭენი ჯოჯოხეთისანი!(ლათ.)
[11] კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს იერარქთა პროტესტის რიტუალური ფორმა.
[12] დაე მოკვდნენ, დაე მოკვდნენ!(ლათ.)
[13] დაე მოვიდეს! დაე მოვიდეს მალე!(ლათ.) მოდი, იესო, მოდი!(გერმ.)
[14] ორი სიკვდილის მოწმე პროფესორი პაული. (ლათ.)
[15] ვეთანხმები და ვღებულობ, და გაიხაროს გულმან ჩემმან.(ლათ.)
[16] ეს ყველაფერი ახლა მთლიანად დამტკიცებულია და ეჭვის შეტანა შეუძლებელია. (გერმ.)
[17] მაშ ასე, მამებო! ამიერიდან ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში (გერმ.)
[18] დემონოლატრია _ ბერძნულიდან _ daimon (სული,დემონი) და latreuv (მსახუერბა, თაყვანისცემა).